პრემიერი: დღეს თუ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ეს არის პირველ რიგში ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და მომავალშიც მისი ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ წინსვლას და განვითარებას
“ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ყოველთვის ნიშნავდა და ნიშნავს გუნდის თვისებრივ, ფუნდამენტურ გაძლიერებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს თუ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება თანმიმდევრულად, ეს არის პირველ რიგში ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და მომავალშიც მისი ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ წინსვლას და განვითარებას.
„ბატონი ბიძინას როლი არის განუზომელი, გადაჭარბების გარეშე. რომ მივყვეთ პროცესებს 2011 წლიდან, ამ ადამიანმა შეძლო შეუძლებელი. მე მახსოვს ძალიან კარგად 2011 წლის ვითარება, ადამიანებს არავითარი იმედი არ ჰქონდათ იმისა, რომ რაიმე შეიძლება შეცვლილიყო. ამ დროს ვითარება იყო უმძიმესი, ყველას გვახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ. რამდენიმე დღის წინ იყო საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ კონკრეტულ მაგალითზე გავიხსენეთ ის, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, რა პირობები იყო ციხეებში, როგორი ზეწოლა მიდიოდა ბიზნესზე, ბიზნესის რეკეტი აბსოლუტურად სისტემური ხასიათის იყო და ა.შ. უამრავი უმძიმესი პრობლემა იყო და არავითარი იმედი არ არსებობდა. ოპოზიცია იყო უკიდურესად სუსტი და ამ ფონზე პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იქაც ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი საერთო სურათიდან გამომდინარე, თუმცა მან თავისი ტაქტიკური ნაბიჯებით, მას ჭადრაკისებური გათვლა შეუძლია თავისი ნაბიჯების, სვლების და მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი 2012 წელს ცვლილებების განხორციელება. მაშინაც იყო ძალიან დიდი ინტერესი ქვეყნის გარედან. ეს ინტერესი იყო საპირისპირო და სწორედ იქით მიმართული, რომ ცვლილებები არ მომხდარიყო, თუმცა ამის გათვალისწინებითაც იმოქმედა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ყველაფერი ისე დაალაგა, რომ საბოლოო ჯამში, შეუძლებელი გახდა, მათ შორის გარე ძალებისთვის, არჩევნების შედეგების და “ქართული ოცნების” გამარჯვების გაპროტესტება. შემდეგი წლებიც იყო ძალიან რთული, იყო კოალიცია აბსოლუტურად ეკლექტური და იქაც 4 წელი ისე გაიარა ქვეყანამ და მათ შორის, ჩვენმა გუნდმა, რომ ეს გამოწვევები წარსულს დარჩა და 2016 წელს შეიცვალა მოცემულობა. კოალიციურობიდან ჩვენ გადავედით უკვე „ქართული ოცნების” ერთპარტიულ უმრავლესობაზე, რამაც ვითარების სტაბილიზაციისთვის შექმნა ძალიან კარგი პირობები. შემდეგ იყო ასევე 2020 წელი, საკმაოდ რთული პერიოდი, შემდეგი 4-წლიანი, 2016-2020 წლების პერიოდი. ყოველ ჯერზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც სტაბილურობას და განვითარებას განაპირობებდა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ახლაც ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მიიღო ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე.
„ეს იყო 1 წლით ადრე ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე და რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ, მისმა დაბრუნებამ შეასრულა განსაკუთრებული როლი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში. ჩვენ გვქონდა მანამდეც რთული 3 წელიწადი და რა თქმა უნდა, მან ჩაუყარა საფუძველი ყველა იმ მიმართულებას, რომელმაც შეგვაძლებინა ჩვენ იმ 3 წლის განმავლობაშიც ამ სირთულეების დაძლევა და 2024 წელი იყო ამ ყველაფრის კულმინაცია. მისი დაბრუნება ყოველთვის ნიშნავდა და ნიშნავს გუნდის თვისებრივ, ფუნდამენტურ გაძლიერებას. დღეს თუ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება თანმიმდევრულად, ეს არის ყოველთვის მისი დამსახურება პირველ რიგში და მომავალშიც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ წინსვლას და განვითარებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.