“ყველა ახალი პირდაპირი მიმართულება, ყველა ახალი პირდაპირი რეისი არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი მეწარმეებისთვის, რომ თითოეული ახალი პირდაპირი რეისით ჩვენ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი” – მარიამ ქვრივიშვილი
“ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ორივე ავიაკომპანიასთან [British Airways და easyJet] და ზოგადად ყველა იმ ავიაკომპანიასთან, რომელიც ეტაპობრივად დაემატება ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიას მიმდინარე წელს”, – ამის შესახებ, „იმედის კვირაში“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ბრიტანეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მოხდა არსებული მგზავრთა ნაკადის მონაცემების გაზიარება, კომპანიებმა თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გააკეთეს კვლევა. ამავდროულად ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის მდგრადობას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას და ის, რომ საქართველო დღეს ფაქტობრივად არის 4 სეზონიანი ტურისტული მიმართულება, რაც ავიაკომპანიის კომერციულ მდგრადობას უზრუნველყოფს.
ყველა ახალი პირდაპირი მიმართულება, ყველა ახალი პირდაპირი რეისი, არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი მეწარმეებისთვის, რომ თითოეული ახალი პირდაპირი რეისით ჩვენ შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი. განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი და მსყიდველუნარიანი ქვეყნებიდან, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ამავდროულად სტიმულს აძლევს შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო ინვესტორებს, რომ კვლავ განაგრძონ ინვესტიციები ტურიზმის სექტორში იქნება, ეს განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები თუ სხვა მიმართულება. რაც ამავდროულად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ავიაბაზარზე British Airways-ის შემდეგ კიდევ ერთი ბრიტანული ავიაკომპანია შემოვიდა.