“ერთადერთ რამეს ვითხოვთ, ევროკავშირმა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და ქვეყნისგან ისეთი რაღაც არ მოითხოვოს, რაც საფრთხის შემცველი იქნება” – სამხარაძე
“ერთადერთ რამეს ვითხოვთ, ევროკავშირმა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და ქვეყნისგან ისეთი რაღაც არ მოითხოვოს, რაც საფრთხის შემცველი იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ქართულმა დელეგაციამ ბელგიის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველო ევროკავშირისგან ითხოვს ერთადერთ რამეს – ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაშია საქართველო და ისეთი რაღაც არ უნდა მოითხოვონ, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იქნება.
„მათ პასუხები მიიღეს, მათ შორის, არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებზე. ეუთო/ოდირის დასკვნაზე ისინი კარგად ინფორმირებული იყვნენ, რადგან ხშირად ამ დელეგაციის ნაწილი ეუთო-ს საპარლამენტო მისიებში მონაწილეობს. დელეგაციის წევრები საქართველოშიც არიან ნამყოფი, სხვათა შორის, ჩემი მოწვევით. ისინი დაინტერესდნენ, ცხინვალსა და აფხაზეთში ახლა რა მდგომარეობაა. სამომავლო ნაბიჯებზეც ვისაუბრეთ, მათ შორის საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, და ევროკავშირმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ვითარება გამოსწორდეს. ჩვენ ძალიან მარტივი რამ ვუთხარით: ერთადერთ რამეს ვითხოვთ, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, რამდენად მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყნისგან ისეთი რაღაც არ უნდა მოითხოვოს, რაც საქართველოსთვის საფრთხის შემცველი იქნება. პირველ რიგში, ეს მოთხოვნა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება. მათ მოვუყევით იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი წინასაარჩევნო კამპანიაში საკმაოდ უხეშად ერეოდა”, – აღნიშნა სამხარაძემ.