“არჩევნების გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ აქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, სრულფასოვნად ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი” – სამხარაძე

“იმის გათვალისწინებით, რომ გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სხვა ალტერნატივა არ აქვს, თუ არა, სრულფასოვნად ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს.

„მათ წინა სესიაზე დააყენეს ერთგვარი პირობები, რათა სრულფასოვნად ეცნოთ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მანდატი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტრასბურგში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობა შევაჩეროთ. აქედან გამომდინარე, შემდეგ სესიაზე იქ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ ეყოლება, რადგან შეჩერებულია. ვიდრე სრულად არ მოხდება გააზრება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ძალით არავინ ჩაატარებს, თუ არ იქნება წარმოდგენილი გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება არჩევნების ჩატარება, არჩევნების ჩატარებას არანაირი საფუძველი არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სხვა ალტერნატივა არ აქვს, თუ არა, სრულფასოვნად ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი. ასე თუ არ იქნება, ჩვენი წევრობა შეჩერებული იქნება“, – განაცხადა  სამხარაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს „ქართული ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება ევროპის საბჭოს წევრად.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებული პირველი დათქმა, რომელიც „სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები