ზურაბ ჩეკურაშვილი რძის კონკრეტულ პარტიაზე: დალუქულია რძის ის პარტია, რომელშიც დარღვევები აღმოჩნდა – გარდა ამისა, ამოღებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელში გაშვებული პროდუქცია
„დალუქულია რძის ის პარტია, რომელშიც დარღვევები აღმოჩნდა. გარდა ამისა, ამოღებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელში გაშვებული პროდუქცია,”- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესს მონიტორინგს სპეციალისტები უწევენ.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია ქსელში გაშვებული პროდუქცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამის მონიტორინგს აწარმოებენ – დადიან ქსელებში, ამოწმებენ. საბავშვო ბაღებში გასულია ჩვენი ჯგუფები და იქიდან მოსულია ინფორმაცია, რომ რძის პროდუქტების ნიმუშები აღებულია და ყველაფერი წესრიგშია. ანუ ამ მხრივ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ საქართველოში მიღებული გვაქვს უმკაცრესი ზომები და ნორმები, რომელიც სრულ ჰარმონიზაციაშია ევროკავშირის სტანდარტებთან”, – განუცხადა „ქრონიკას“ ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, 2016 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში აფლატოქსინ M1-ის შემცველობის უმაღლესი სტანდარტი 0,05მკგ/ლ-ით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სტანდარტია.