გიორგი შარაბიძე: საუბარი და სპეკულაცია დღეს იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვინმეს დაკვირვების უფლება წაართვა, ეს უბრალოდ სასაცილოა
„საუბარი და სპეკულაცია დღეს იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვინმეს დაკვირვების უფლება წაართვა, ეს უბრალოდ სასაცილოა,”- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დადგენილების მიხედვით, შეუძლებელია, ვინმემ შეაფერხოს ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისას.
„საუბარი და სპეკულაცია დღეს იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვინმეს დაკვირვების უფლება წაართვა, ეს უბრალოდ სასაცილოა. დადგენილების მიხედვით, შეუძლებელია, ვინმემ შეაფერხოს ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისას. დაუშვებელია და ამას კანონმდებლობა ისედაც არ უშვებს, პერსონალური მონაცემების იმგვარი დამუშავება, რომელიც არღვევს ამომრჩევლის უფლებას და რაც მთავარია, არღვევს კანონმდებლობას. აი, ამის დაზუსტება მოხდა ერთ აქტში. შესაბამისად, ეს მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა საზოგადოების ყურადღების გადატანა მოხდეს როგორღაც რეალური შინაარსიდან და შეიქმნას აღქმა, რომ თითქოს, ვინმეს რაიმე ეზღუდება, უკვე კარგად ნაცადი ტაქტიკაა და ჩვენ ამას ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ“, – განაცხადა შარაბიძემ.
ცნობისთვის, შესაბამის სამართლებრივ აქტში დაზუსტდა რამდენიმე პროცედურა. კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით კენჭისყრის ჩატარებისას, საარჩევნო კოდექსითა და დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ასევე ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.