პაატა სალია: საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას და ჩვენების მიცემისგან თავის არიდებაზე პასუხისმგებლობას განსაზღვრავს კანონი – ხაზარაძემ და ჯაფარიძემ არჩიეს, რომ კანონი დაერღვიათ
,,პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასა და ჩვენების მიცემისგან თავის არიდებაზე პასუხისმგებლობას განსაზღვრავს კანონი. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ არჩიეს, რომ კანონი დაერღვიათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყოველი ინდივიდის გადასაწყვეტია, რას ირჩევს.
„პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას, ჩვენების მიცემისგან თავის არიდებას, განზრახ არასწორი ჩვენების მიცემას, ამისთვის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს კანონი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად. შესაბამისად, ყოველი ინდივიდის გადასაწყვეტია, რას ირჩევს ამ შემთხვევაში. ბატონმა ხაზარაძემ და ბატონმა ჯაფარიძემ არჩიეს, რომ კანონი დაერღვიათ. ისინი არ გამოცხადდნენ, ამას არ უარყოფენ. საჯაროდაც დაადასტურეს თავიანთი პოზიცია“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.