ნიკოლოზ სამხარაძე: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გასაღები არის რუსული ჯარების გაყვანა, არ მგონია, რომ რუსეთი ამას უახლოეს მომავალში აპირებს

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უფრო თავდაჯერებული და აქტიური გახდა, – ასე უპასუხა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემას კითხვაზე – შეიცვალა თუ არა რუსეთის მიდგომა ჰიბრიდული ომის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

„ბოლო თვეებში, განსაკუთრებით აფხაზეთში, რუსებმა დააჩქარეს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა, კერძოდ, რეგიონში აეროპორტის მშენებლობა. რუსეთის ფედერაციამ ასევე გააძლიერა კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუ გადავხედავთ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, მომხდარი ცვლილებები ხაზს უსვამს რუსეთის ფართო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე და კონკრეტულად აფხაზეთში, არა მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ფინანსურ, სოციალური და ენერგეტიკული მიმართულებით“, – აღნიშნა მან.

სამხარაძის თქმით, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით გამოსავალს ვერ ხედავს.

„ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გასაღები არის რუსული ჯარების გაყვანა ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ოსეთიდან. არ მგონია, რომ რუსეთი ამას უახლოეს მომავალში აპირებს“, – აცხადებს სამხარაძე.

კითხვაზე – როგორი იქნება ამ ტერიტორიების სტატუსი აფხაზეთსა და ოსეთში, თუ საქართველოს შესთავაზებენ ევროკავშირში გაწევრიანებას? – ნიკოლოზ სამხარაძე ასე პასუხობს:

„იმ სცენარის მიხედვით, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე ვერ დაიბრუნებს იურისდიქციას აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე, ვფიქრობ, რომ ამ რეგიონების ვითარება ჩრდილოეთ კვიპროსის ვითარებას დაემსგავსება, იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირი აღიარებს ამ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად, მაგრამ პრაქტიკული განზომილების გარეშე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები