მამუკა მდინარაძე: დღეს 34 წელი შესრულდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღიდან, სწორედ აღნიშნული თარიღი გახდა ჩვენი ერის მრავალწლიანი ოცნების ასრულების გზაზე პირველი ნაბიჯი – ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო ყოველგვარი საგარეო მითითებების გარეშე აეშენებინა
„დღეს 34 წელი შესრულდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღიდან – 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დღესდღეობით ოკუპირებულ რეგიონებში გამართულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ერთხმად დაუჭირა მხარი! სწორედ აღნიშნული თარიღი გახდა ჩვენი ერის მრავალწლიანი ოცნების ასრულების გზაზე პირველი ნაბიჯი – ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო მხოლოდ თავად, ყოველგვარი საგარეო მითითებების გარეშე აეშენებინა, შესაბამისად, 1991 წლის 31 მარტი იმ გრძელი და ურთულესი გამოწვევებით სავსე გზის დასაწყისად იქცა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს აუცილებლად მიიყვანს ძლიერ, ბოლომდე დამოუკიდებელ, გაბრწყინებულ საქართველომდე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უმრავლესობის ლიდერმა ამ პროცესში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან „უმთავრესი წვლილი შეიტანა!“
მისივე თქმით, ეს დღე უნდა გვახსენებდეს, რომ თაობების ბრძოლის შედეგად მოპოვებულ დამოუკიდებლობას მოფრთხილება, დაცვა, ზრუნვა და გამყარება სჭირდება, რაც საკუთარი სამშობლოს წინაშე თითოეული ქართველის მოვალეობაა.
„31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იდეის გაჩენიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაუღალავად იბრძოდა ეს ადამიანი და ამ ეროვნულ საქმეშიც უმთავრესი წვლილი შეიტანა! დღევანდელი დღე ქართველების ერთად დგომის, ღირსებისა და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა! სწორედ ამიტომ, ეს დღე ყველას უნდა გვახსენებდეს, რომ თაობების ბრძოლის შედეგად მოპოვებულ დამოუკიდებლობას მოფრთხილება, დაცვა, ზრუნვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამყარება სჭირდება, რაც საკუთარი სამშობლოს წინაშე თითოეული ქართველის მოვალეობაა. ამასთანავე, დღევანდელი თარიღი და 34 წლის წინ გამართული რეფერენდუმის შედეგები არის თითოეული ქართველის და განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. თამამად და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის იმ ხარისხს მიაღწია, რომელიც არასდროს ჰქონია. ვამაყობთ ამით, რომ მტკიცე უარი ვთქვით გარედან თავსმოხვეულ მითითებებზე, სხვისი კარნახით ქვეყნის მართვაზე და მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის, კულტურის, იდენტობის, დემოგრაფიის, მამულის, ენისა და სარწმუნოების გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა. პირობას ვაძლევთ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, ვერანაირი ზეწოლა და გარედან წამოსული მითითებები თუ უსაფუძვლო კრიტიკა ან სადამსჯელო მექანიზმები ვერ აგვაღებინებს ხელს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და განმტკიცებაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.