ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია easyJet-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო – ჟენევიდან თბილისში პირველად პირდაპირი რეისი შესრულდა

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოვიდა – დღეს ჟენევიდან თბილისის მიმართულებით ბრიტანულმა ავიაკომპანია easyJet-მა პირველი რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს, პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებითაც იწყება. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.

„ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა, რომელიც 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

easyJet-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას წინ ხანგრძლივი, ინტენსიური მოლაპარაკებები უძღვოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.

კომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უარდმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, TAV Georgia-ს და კომპანია easyJet-ის წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს ავიაინდუსტრიის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

როგორც ღონისძიების მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, საქართველოში კიდევ საერთაშორისო, ბრენდული ავიაკომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის სექტორის გაძლიერებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები