მაჭავარიანი – “ნაცმოძრაობის” აკრძალვაზე; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი უკვე 12 წელია, ამას ელოდება

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი უკვე 12 წელია, ამას ელოდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვინც პირდაპირ ეთერში თვალ-ყურს ადევნებს საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, უკვე ხედავს, თუ რა მჟღავნდება.

“იქ, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, როგორ მძიმე ისტორიებს ვისმენთ, ომთან დაკავშირებით როგორი ქაოსი იყო, თუ როგორ გაათავისუფლეს გამოცდილი სამხედროები რამდენიმე თვით ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა. იმასაც ვაკვირდებით პირდაპირი ჩვენებებიდან, რომ თურმე სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. იყო სრული ქაოსი, არც გაუფრთხილებიათ მოქალაქეები. არც კოდორი ხეობაში, არც ცხინვალში, მიატოვეს და გაწირეს სასიკვდილოდ და ა.შ.

რა თქმა უნდა, იქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აიკრძალოს, როგორც პარტია. როგორც კი მორჩება საგამოძიებო კომისია მუშაობას, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს გადავცემთ პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები