მირიან მირიანაშვილი – ,,მეგობარი აქტით” ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ
,,მეგობარი აქტით” ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ”,- ამის შესახებ, ექსპერტი მირიან მირიანაშვილი “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
“ვისთვის არის ეს მეგობარი აქტი ამ ეტაპის მოცემულობით განკუთვნილი, ვინ არის მისი ადრესატი? ამერიკის ის გავლენიანი წრეები, რომლებიც დღეს ამ თემას ქოქავენ, როგორც ჩემი წყაროებიდან დავადგინე, ამ აქტის ადრესატად უპირველესად რუსეთს მიიჩნევენ. ამ წრეებს მიაჩნიათ, რომ რამე სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის უაზროა, რადგან ის რუსეთის ხელისუფლების გარეშე ნაბიჯებს ვერ გადადგამს, შესაბამისად, ეს გზავნილი პირდაპირ რუსეთისთვის არის განკუთვნილი. მესმის, ეს მძიმე შეფასებაა, მაგრამ ამერიკელები ამ პრინციპით მოქმედებენ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რაც ქართველებს ყურადღების მიღმა დაგვრჩა – საზოგადოებასაც, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც – “მეგობარი აქტის” სტატუსის გამოცვლა. ის თავდაპირველად მზადდებოდა როგორც რეზოლუცია, თუმცა იქცა კანონპროექტად.
როგორც ამბობენ, დაახლოებით ერთი თვის წინ, სადღაც თებერვლის მიწურულს, მარკო რუბიოს ტრამპთან მორიგი შეხვედრისას, რომელსაც ესწრებოდა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ რიში და როგორც ამბობენ, იყო ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც. ტრამპს აცნობდნენ სენატის მომავალ დღის წესრიგსა და კანონპროექტებს, რომლებიც უნდა იყოს უახლოეს მომავალში გატანილი, რუბიომ და რიშმა მიაღწიეს იმას, რომ ამ აქტის, როგორც კანონპროექტის განხილვა, გაგრძელებულიყო და ქცეულიყო კანონად, რომლის ხელმოწერაც, ორივე პალატის მიერ მიღების შემთხვევაში, სწორედ ტრამპს მოუწევს. 5 მარტს კი, განახლებული “მეგობარი აქტი”, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, სენატში მაღალი რანგის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა წარადგინეს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მისი რეალიზებისთვის უნდა ჩამოყალიბდეს ნორმატიული ბაზა – ანუ მასში ჩაიდება მთელი ის ღონისძიებები, რაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის იქნება სავალდებულოდ გასატარებელი. ეს ნიშნავს საკმაოდ მძიმე პერსპექტივას ჩვენი ქვეყნისთვის. “ოცნებამ” შეიძლება ილაპარაკოს, რომ “დიფ სთეითმა” დაამარცხა ტრამპი, რომ “გლობალური ომის” პარტია დგას ამის უკან, რომ ტრამპი არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის…
ისეთი აბსურდული რაღაცები მესმის, მაგალითად, ის, რომ ტრამპი არ მოაწერს თურმე ხელს. როგორ არ მოაწერს ხელს იმას, რაც მასთან შეთანხმებით გაკეთდა?! თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ რესპუბლიკელები, რომლებსაც სენატში უმრავლესობა აქვთ, კანონპროექტებს განიხილავენ და იღებენ ტრამპთან შეუთანხმებლად, მეტიც, მისგან მალულად, ეს მიამიტობაც აღარ არის უკვე, ანეკდოტს ჰგავს. კონგრესის ორივე პალატაზე მეთვალყურეობა და მიმდინარე პროცესების ზედმიწევნით კარგად ცოდნა არის დღევანდელი და ყველა სხვა ადმინისტრაციის უპირველესი ფუნქცია. ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც პოლიტიკური გარიგებები მიდიოდა სენატში ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ, რესპუბლიკელთა ელიტასა და სენატორების იმ ჯგუფთან, რომელიც ყველაზე დიდ რუსოფობად მიიჩნევა, გარიგებების შედეგად ტრამპმა გადასცა, როგორც სახელმწიფო მდივნის თანამდებობა, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური ბენეფიტები, მათ შორის კავკასიაზე პოლიტიკის ჩამოყალიბების უფლება სწორედ ამ ჯგუფს – ანუ აშშ-ის კავკასიურ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაციაში აყალიბებს სახელმწიფო მდივანი რუბიო და სენატორთა ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად რუსოფობია.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს აქტი სიგნალია უპირველესად რუსეთისთვის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამით ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ. პარალელურად, ერთ სერიოზულ უცნაურობას შეგვიძლია გავუსვათ ხაზი – წინა წლებისგან განსხვავებით დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა და ევროპის საგარეო პოლიტიკა აღარ არის იდენტური. ძნელად ჩამოსათვლელია ის თემები, როდესაც ისინი ერთმანეთთან სოლიდარული არიან, მაგრამ მაინცდამაინც საქართველოს საკითხზე აშშ-ისა და ევროპის საგარეო პოლიტიკა იდენტურია. შესაბამისად, ეს აქტი არის იმის დასტურიც, რომ ამერიკელები უერთდებიან ევროპის სურვილს, რუსეთმა ამოიძირკვოს ფეხი საქართველოდან და საერთოდ, კავკასიიდან. საქართველოდან წასვლა, ფაქტობრივად, მთელი კავკასიის დათმობას ნიშნავს, ამიტომაც რუსეთი საქართველოში ყოფნას მაქსიმალურად მოეჭიდება, მაგრამ ამერიკელების გზავნილი გულისხმობს, რომ აშშ არ აპირებს ამ ტერიტორიებზე საკუთარი გავლენის დათმობას.
ასეთ ვითარებაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ აქტის კანონად ქცევას, მოჰყვება მთელი რიგი კანონქვემდებარე დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, არა მხოლოდ სანქციები დაწესდება… როგორც მე გავიგე უკრაინელი ტრამპისტებისგან, უკვე მიმდინარეობს საქართველოში რუსული ეკონომიკური გავლენების შესწავლა. გარდა ამისა, რუსული გავლენით საქართველოში შემოვიდა ჩინეთის ინტერესებიც… მეტიც, ჩინეთი ცდილობს ეკონომიკურად საქართველოშიც იგივე გააკეთოს, რაც გააკეთა, მაგალითად, შუა აზიაში – ჯერ რუსეთის გავლენის ქვეშ შევიდა და მერე იქიდან რუსეთის გაძევება დაიწყო. როდესაც აშშ რუსულ ინტერესებს უპირისპირდება, ამის პარალელურად უპირისპირდება ჩინეთის გავლენასაც. რომ გადახედოთ სენატში კანონპროექტების ნუსხის დღის წესრიგს, აღმოაჩენთ, რომ “მეგობარი აქტი” განიხილება ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, რომლის მატერიალური ღირებულებაც ასობით მილიარდი დოლარია. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ აშშ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში, კავკასიასა და შავ ზღვაზე საკუთარ ინტერესებზე უარს იტყოდა და ამ სივრცეს რუსეთს გადააბარებდა. არსებობს არაერთი დოკუმენტი როგორც პენტაგონის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის, რომლებშიც შავით თეთრზე წერია, რომ ამერიკა ვერ შეეგუება შავ ზღვაში ჩინეთის გამოჩენას. რატომ ეგონათ “ქართულ ოცნებაში”, რომ ეს ყველაფერი ფარატინა ქაღალდებია, არ მესმის…
“ნაციონალური მოძრაობა” და ის პარტიები, რომლებსაც ხელისუფლებაში მის სატელიტებს უწოდებენ, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდნენ იმ მაამებლურ გარემოში, რასაც კოაბიტაცია ერქვა. ბევრი ვეცადე, გამერკვია სხვადასხვა წყაროდან, იყო თუ არა დასავლეთისგან რაიმე მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრობა” შეენარჩუნებინა ხელისუფლებას, მაგრამ მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე – ანუ “ნაცმოძრაობასა” და მის სატელიტ პარტიებს ხელისუფლება წლების განმავლობაში მშვენივრად იყენებდა პოლიტიკური ბუის როლში და ისინი “ქართულ ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნებაში ძალიან გამოადგნენ. ისევ რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი, ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ძალიან პრინციპული საკითხი იყო. შესაბამისად, უნდოდათ თუ არა, ეს ხალხი ხმას აძლევდა “ოცნებას”. რას მისცემს “ქართულ ოცნებას” ამ ოთხი პარტიის გაუქმება? ხელისუფლებისთვის ცენტრალური თემა ხომ ამერიკელებსა და საზოგადოდ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებაა, რომლის გარეშეც შიდაპოლიტიკური სტაბილურობა თუ, ფაქტობრივად, გაყინული საგარეო ურთიერთობების განვითარება ვერ მიიღწევა. ამ ოთხი პარტიის გაუქმებით ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დალაგდება?
როგორც წესი, დემოკრატებისგან განსხვავებით, რესპუბლიკელები სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ნაკლებად ერევიან ხოლმე. შესაბამისად, ნახევრად ავტორიტარულ თუ ავტორიტარულ ქვეყნებში შიდა ვითარების გამო გადაწყვეტილებებს იშვიათად იღებენ. დავუშვათ, ახლაც დახუჭეს თვალი პარტიების აკრძალვაზე, მაგრამ მერე რა? ვინმე ფიქრობს, რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ამერიკელები, შეურიგდებიან რუსებისა და ჩინელების საქართველოში პარპაშს? ეს ხომ ბლეფია! ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებისთვის ეს აბსოლუტურად უსარგებლო ქეისია. იმის მაგივრად, ხელისუფლება ახლა ზრუნავდეს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებაზე, რითაც პირველ რიგში რუბიოს გარშემო არსებულ ჯგუფთან ურთიერთობის დალაგებას შეეცდებიან, გართულია რაღაც გაუგებარი აქციებით, მათ შორის ამ წარსულის გამოკვლევით, რაც მის მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას არაფრით არ გააუმჯობესებს. რა ვიცი, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელთა ამ დაჯგუფებამ მის საწინააღმდეგოდ არ მოძებნოს ამ ოთხ პარტიაში დასაყრდენი, ამიტომ გადაწყვიტა მათი აკრძალვა, მაგრამ ამით მხოლოდ ძალიან ძვირფას დროს დაკარგავს…”, – აცხადებს ექსპერტი.