სუბარის უწყება: ფოთში, დევნილებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში, დევნილებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ფოთში, პორტის დასახლებაში მდებარე ამორტიზებულ შენობაში მცხოვრები 7 დევნილი ოჯახისათვის ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. აღნიშნული ობიექტი არის ამორტიზებული, რის გამოც ახლახანს ამ შენობაში მცხოვრები 79 დევნილი ოჯახი მალთაყვის დასახლების ახალაშენებულ და კეთილმოწყობილ კორპუსებში გადაიყვანეს. ადგილზე დარჩა ის 7 დევნილი ოჯახი, რომელთაც დაუფიქსირდათ საკუთრება და შესაბამისად, ვერ მიიღეს ბინები, თუმცა, მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა და არც შეუწყდებათ. რაც შეეხება ობიექტის დაცლის შემდეგ შენობაში შეჭრილ სოციალურად დაუცველებს და მათთვის ელექტროენერგიის მიწოდების თემას, ეს სამინისტროს კომპეტენციას აღემატება და დარწმუნებულები ვართ, ამ საკითხზე ფოთის მერია იმსჯელებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფოთში, ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი შენობაში ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვენ და ამბობენ, რომ ყურადღებას არავინ აქცევს. მათ აღნიშნული მოთხოვნით დღეს გზაც კი გადაკეტეს.