სოზარ სუბარის მოწოდებას, შეეფასებინა ომის დღეებში თემურ იაკობაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება – არავითარი სამშვიდობო პროცესი არ იქნება – გენერალმა ყურაშვილმა კატასტროფული უწოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების (ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში) შტაბის ყოფილ უფროსს, მამუკა ყურაშვილს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენჯერ იყო ჩასული კონფლიქტის ზონაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი.

სოზარ სუბარმა მამუკა ყურაშვილს თემურ იაკობაშვილის განცხადება შეახსენა, სადაც ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნება. დეპუტატმა გენერალს ამ განცხადების შეფასება სთხოვა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა სამშვიდობო პროცესებსა და კომისიაზე უარი განაცხადა და აბუჩად აიგდო სამშვიდობო პროცესების ფორმატში გაერთიანებული ადამიანები, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ მაშინდელი ხელისუფლება არ ზრუნავდა სამშობლოსა და საქართველოს მოსახლეობაზე.

„იაკობაშვილი ხშირად ჩამოდიოდა? არ იყო მისი მოვალეობა იქ ყოფნა? იაკობაშვილი მინისტრობის დროს, რამდენჯერ იყო კონფლიქტურ ზონაში? ერთხელ ჩამოვიდა კონფლიქტის ზონაში?

ადამიანი, რომლის მოვალეობაც იყო, კონფლიქტის ზონაში ყოფილიყო დღე და ღამე, ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში, თუმცა კარგად გვახსოვს მისი განცხადებები – „არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება.”

რამდენად დამაზიანებელი იყო იაკობაშვილის განცხადებები, სადაც თქვა, რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნება?

რომელ რიცხვში იყო მისი ეს განცხადება? ეს განცხადება იქამდე იყო, სანამ მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ საცეცხლე წერტილები ჩაგექროთ? სამშვიდობო პროცესი არ იქნებაო – რეალურად ხომ ამას ამბობს მინისტრი შერიგების საკითხებში?

ანუ პრაქტიკულად, სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ამბობს, რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნება, არანაირი კომისია აღარ იარსებებს და დღეიდან მე ვარ, რაც ვარო. თან ამას აკეთებს ისეთი სიტყვებით, რითაც როგორც თქვენ ბრძანეთ აბუჩად იგდებს ამ ფორმატში გაერთიანებულ ადამიანებსაც და ფორმატის უკან ვინც დგანან, იმ სახელმწიფოებსაც. ეს ხომ არ იყო ქართულ-ოსური, ქართულ-რუსული ფორმატი.

აპარატმა მომაწონა ინფორმაცია, 2008 წლის 31 იანვრიდან არის დანიშნული ბატონი თემურ იაკობაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში. ანუ 7 თვის განმავლობაში, ადამიანი ერთხელ ჩავიდა კონფლიქტის ზონაში და გააკეთა განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად ცელი გამოუსვა ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. სამწუხაროდ ის ადამიანები არ უფრთხილდებოდნენ სამშობლოსა და მოსახლეობას, ეს დასკვნა გამომაქვს აქედან,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ძალების (ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში) შტაბის ყოფილმა უფროსმა მამუკა ყურაშვილმა სოზარ სუბარის კითხვას უპასუხა და თემურ იაკობაშვილის განცხადება შეაფასა, როგორც კატასტროფული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები