ლევან მაჭავარიანი – არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: იციან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხებს „ქართული ოცნება“

მოლოდინი მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების და ყველა პარტიაზე ერთდროულად ნუ ვისაუბრებთ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე“, შანსი დაუტოვოთ, დაამტკიცონ რომ არ წარმოადგენენ ერთიან ძალას, ცალ-ცალკე დღის წესრიგს ემსახურებიან და არაკონსტიტუციურის არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხზე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს თემა დღის წესრიგში რომ არ დაგვეყენებინა, მე გაგცემდით ასეთ პასუხს, მათ იციან, რომ მათი რეიტინგი არის საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ განახევრებული, იქიდან გამომდინარე, რომ იმედები გაუცრუეს თავის ამომრჩეველს. პირველ რიგში იმით, რომ არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, მეორე რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს რომ არჩევნები გაყალბდა და დღემდე ერთი მტკიცებულება ვერ დადის ამასთან დაკავშირებით. აგრძელებენ დესტრუქციულ ქმედებებს, პირდაპირ აანონსებენ და ამას ისმენს მათი ამომრჩეველი, რომ ჩვენი დღის წესრიგი არის ქვეყანაში შევქმნათ ხელოვნური კრიზისი, რომ ქვეყანა მოვაქციოთ ეკონომიკურ იზოლაციაში, გამოვიწვიოთ ქვეყნის ეკონომიკური რღვევა, ამ ყველაფრის ფონზე რისი იმედი უნდა ჰქონდეთ.

თუ მათ პატარა წარმატებას მიაღწიეს საპარლამენტო არჩევნების დროს, იციან რომ ახლა 64-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხებს „ქართული ოცნება“, თუმცა დღევანდელი დღე რომ არ დამდგარიყო დღის წესრიგში, მათზე მაინც არ არის დამოკიდებული. მათზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ მიზეზების გამო მონაწილეობას არ მიიღებენ. როგორ ინსტრუქციასაც ისინი მიიღებენ თავიანთი გარე უფროსებისგან, დაავალებენ ისინი რომ ოთხი პარტია იყავით, შვიდი პარტია იყავით, სამი იყავით, ისევ ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანდით, რომლის ლანძღვა-გინებითაც გამოირჩეოდა ფაქტობრივად ყველა იმ რადიკალური ოპოზიციიდან, ისევ დაავალებენ მამუკა ხაზარაძეს რომ დაუჯგუფდეს, მაგალითად ალეკო ელისაშვილს, ანუ ერთმანეთის მაგინებელი ხალხი რომ შეკრიბონ ერთად. მათი ხვედრი ეგეთია, როგორ დავალებასაც მიიღებენ, ისინი ვალდებულები არიან, რომ ეს დავალება შეასრულონ. თუმცა მოდი დაველოდოთ ჯერ საგამოძიებო კომისიას, დაველოდოთ იმ სარჩელს რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება მიიღებენ თუ საერთოდ ვერ მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები