თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, ქვეყნის მასშტაბით, 1 879 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, 260 პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 489 ადამიანი გათავისუფლდა, ხოლო 662 დაკავებულის საქმე კვლავაც განხილვის პროცესშია.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 150 პოლიციელი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს კორუფციის ბრალდებით დააკავეს. იმამოღლუს დაკავებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.