წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია: მედიაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს თბილისის წიგნის ფესტივალი არ გაიმართება მაისში – გავრცელებული მასალა წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, თბილისის წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ფესტივალი მაისში არ გაიმართება, დეზინფორმაციაა.
„ძვირფასო მეგობრებო, პარტნიორებო, ასოციაციის წევრებო და თემით დაინტერესებულო საზოგადოებავ,
გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, ასოციაციამ გადაწყვიტა მოგაწოდოთ ინფორმაცია მაისის თვეში დაგეგმილ თბილისის წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით და გაცნობოთ, რომ ტრადიციული „თბილისის წიგნის საერთაშორისო XXVII ფესტივალი” 26 მაისიდან – 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალს წელსაც ეყოლება არაერთი მონაწილე, პარტნიორი და მხარდამჭერი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო გამომცემლობები, მწერლები, მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციები, წიგნის ავტორები, წიგნიერების თემაზე მომუშავე კომპანიები და სხვა თემით დაინტერესებული ადამიანები.
ვგეგმავთ, წლევანდელი ფესტივალი იყოს კიდევ უფრო საინტერესო და, რაც მთავარია, მკითხველის ინტერესებზე მორგებული.
აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ მედიაში გავრცელდა გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია, თითქოს ფესტივალი არ გაიმართება მაისში. გავრცელებული მასალა წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება დააზიანონ მკითხველისა და მონაწილე ორგანიზაციების ინტერესები, შესაბამისად, განზრახ შეცდომაში შეიყვანონ დაინტერესებული ადამიანები და ჩვენი პარტნიორები!
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასოციაცია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და მკითხველთან მეგობრობისა და ურთიერთობის დიდი ტრადიცია აქვს, კიდევ უფრო გაზრდილი მოტივაციით ხვდება წლევანდელ ფესტივალს და არაერთ სიახლეს გააცნობს საზოგადოებას.
ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მზად ვართ მეტი ენთუზიაზმით, საინტერესო აქტივობებით, ახალი გამოცემებით თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ეს ტრადიციული დღესასწაული.
შევხვდებით ერთმანეთს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე!” – წერია განცხადებაში.