საარჩევნო ადმინისტრაციამ საჯარო სკოლებში მასშტაბური პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ წარმატებით განახორციელა

საარჩევნო ადმინისტრაციამ საჯარო სკოლებში მასშტაბური სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ წარმატებით განახორციელა.

ცესკოს ინფორმაციით, პროექტი, რომლის მიზანიც საარჩევნო განათლების მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა, ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ, 2025 წლის 17 თებერვლიდან, 21 მარტის პერიოდში განხორციელდა და მასში საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების არსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა; საქართველოში დემოკრატიული არჩევნების განვითარების ისტორია და მოდერნიზებული არჩევნები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო და გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში; არჩევითი სახელმწიფო ორგანოები; საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები; არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები და მათი როლი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში; სიძულვილის ენის და დეზინფორმაციისაგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა, კურსი 360 საჯარო სკოლის 7604 მოსწავლემ გაიარა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში 56 საჯარო სკოლის 1166 მოსწავლემ. ახალგაზრდებმა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა პოზიტიურად შეაფასეს.

პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას. დღემდე საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა 64 მუნიციპალიტეტის 2066 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 41104-მა მოსწავლემ გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები