78 წლის მამაკაცი ქალს ეძებს, რომელიც შვილიშვილის აღზრდაში დაეხმარება

78 წლის თენგიზ ხელაშვილი უსახალკარო ქალბატონს ეძებს, რომელიც შვილიშვილის აღზრდაში დაეხმარება. მოხუცი 5 წლის თამუნას მარტო ზრდის, თუმცა პატარას დედ-მამა ჰყავს და სხვაგან ცხოვრობენ. ისტორია, რომელსაც გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს, კახეთში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში ხდება. „თამუნას დედაც ჰყავს და მამაც, მაგრამ ჩემ გარდა არავის ანაღვლებს… ბავშვი რომ მეტყვის, პაპა ყველაზე მეტად შენი შემწვარი კარტოფილი მიყვარსო, გული მიკვდება… მას ხომ კარგი საჭმელი გასინჯული არც აქვს, თორემ ჩემი შემწვარი კარტოფილი როგორ უნდა უყვარდეს… ამ ოჯახს დიასახლისი აკლია. ადამიანი, რომელიც ბავშვის აღზრდაში დამეხმარება. ხომ არიან უსახლკარო ქალბატონები, რომელიც პანსიონატის რიგებში დგანან. სიამოვნებით მივიღებდი, თუ თამუნას აღზრდაში მომეხმარებიან. ახლა იმაზე ვნერვიულობ, ჩემი სიკვდილის მერე ბავშვის ცხოვრება როგორ წავა… შეიძლება ისე მოვკვდე, ვერავინ გაიგოს და ამ პატარა ბავშვმა მარტომ რა უნდა ქნას?! დღესვე თანახმა ვარ სიკვდილზე, ოღონდ ვიცოდე, რომ მისი ცხოვრება კარგად წარიმართება… სიკეთის კეთებას ვუნერგავ და მჯერა, კარგი ადამიანი გაიზრდება. ერთი წუთი ვერ წარმომიდგენია თამუნას გარეშე ყოფნა…“, – ამის შესახებ ვრცელ სტატიას გაზეთი „კვირის პალიტრა“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. „2006 წლის იმ ტრაგიკულ დღემდე ყველაფერი თითქოს კარგად იყო… ეზოში ვფუსფუსებდი, როდესაც ავტომობილის შეჯახების ხმა გავიგონე. გარეთ გავვარდი… მანქანები ერთმანეთში იყო აზელილი. ჩემი მეუღლე იმ ადგილას მდგარა, სადაც ავარია მოხდა… სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. შუაღამისას ლიკა გამომეცხადა, გაბრუებული რაღაცას ბუტბუტებდა. არ ვიცი, ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული, თუ რა. მივხდი, რომ გზას იყო აცდენილი… მეუღლე რომ დავკრძალე, ლიკას, ვუთხარი, წესიერად მოიქეცი, თორემ აღარ გაგიშვებ თბილისში-მეთქი. რამდენიმე თვეში ნათესავებისგან ჩემი სახელით ვალები აუღია. თურმე მეოთხე კურსზე აღარც სასწავლებელში დადიოდა… ჩამოვიყვანე სოფელში. დაახლოებით ერთი წელი საეჭვოს ვერაფერს ვამჩნევდი. აქვე, ჩვენი მეზობლის ბიჭმა ცოლი მოიყვანა. მათ ოჯახში ხშირად დადიოდა პატარძლის ძმა. ძალიან მალე ჩემი გოგო იმ ბიჭს ცოლად გაჰყვა. იმ ოჯახს ძალიან უჭირდა… ბავშვი რომ შეეძინათ, ცოტა ხანში ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ჩემს სიძეს სულ სასმლის ბოთლი ეჭირა ხელში. ძალიან რომ შევწუხდი, ორივეს ვუთხარი, – წადით და სხვაგან იცხოვრეთ-მეთქი. ნორმალურად რომ მოქცეულიყვნენ, სად გავუშვებდი?! ქირით ხან სად ცხოვრობდნენ და ხან – სად. მერე იმ ბიჭმა მიატოვა ცოლ-შვილი და ლიკაც შინ დაბრუნდა… ერთ დღეს მითხრა, თელავში გავივლი კურსებს, იქნებ ბანკში დავიწყო მუშაობაო. არ დამიშლია. თელავში სიარულის დროს გაიცნო ლაგოდეხელი ნარკომანი. როცა ეს ამბავი გავიგე, სახლიდან გასვლა ავუკრძალე, მაგრამ უკვე აღარ მემორჩილებოდა. ერთ დღესაც შეკრა თავისი ბარგი, ვთხოვდებიო. თუ წახვალ, აქ ვეღარასდროს შემოდგამ ფეხს-მეთქი. ბავშვი დამიტოვა და წავიდა… თამუნას ერთი წლიდან ვზრდი. თავიდან ხშირად მიჰყავდა, მერე და მერე – იშვიათად… 5 წლის ბავშვის დედაც მე ვარ, მამაც და ყველაფერი. ლიკას ვალები კი მოვიშორე, მაგრამ რა ვიცოდი, თუ “სიურპრიზი” მელოდა. ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, მაშინ მითხრა ლიკამ, ამ სახლს ალბათ, შენს უფროს შვილებს დაუმტკიცებო. არადა, მასზე გავაკეთე ჩუქება. მალულად ბანკში ჩაუდვია 8.000 დოლარად. პროცენტს რომ ვერ იხდიდა, ბანკმა გაყიდა სახლი. როცა გავიგე, კინაღამ გავგიჟდი. როგორღაც სახლი და ნახევარი ეზო გამოვისყიდე… დღეს კი, ლიკას მეორე ბავშვი შეეძინა. მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ის ბიჭი რემონტს აკეთებს, ახლაც ვიღაცის სახლს არემონტებს და ვიდრე მორჩება საქმეს, იმ სახლში იქნებიან. თამუნას ძალიან რომ მოენატრება დედა, თბილისში მიმყავს. რამდენიმე დღის წინ მყავდა – მთელი ზაფხული დედა არ ენახა ბავშვს. ბავშვი მეუბნება, – იქ მიყვირიან, მცემენ, ხანდახან მშიერი ვიძინებო. ბევრჯერ უტირია, თბილისში არ წამიყვანოო… ბავშვი საბავშვო ბაღში მივიყვანე, მაგრამ ადგილი არ გვაქვსო… სულ შინ არის და სათამაშოებით ერთობა. როცა სახელოსნოში ვარ, ჩემთან არის და იქ თამაშობს. ძალიან დამჯერი და გონიერი ბავშვია. ხანდახან ისეთ რაიმეს მეტყვის, ცრემლებს ვერ ვიკავებ…“ – ამბობს თენგიზ ხელაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

10728634_836556879700140_409771802_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები