„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ გორში საჯარო სკოლების ეკო კლუბის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ მიერ დაფუძნებულმა, ეკო აკადემიის წარმომადგენლებმა, სკოლა „თამარიონის“ ინიციატივით, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების ეკო კლუბის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს.

ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ქალაქ გორში, საგანმანათლებლო ცენტრ „თამარიონის“, ეკო კლუბ „ეკო თარის“ კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგის და კლუბის წევრების მოწვევით გამართულ ღონისძიებაზე, აკადემიის მენტორებმა, მოსწავლეებს გარემოსდაცვითი საკითხების, სპეციფიკური ნარჩენების შემცირების, გადამუშავებისა და მართვის, ეკოლოგიური პრობლემების, ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

აკადემიის მენტორებმა, გორში გამართულ შეხვედრაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ძირითადი საკითხებიც მიმოიხილეს და მასპინძლებს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი აკადემიით, თბილისის გარდა, რეგიონის წარმომადგენლები აქტიურად არიან დაინტერესებულნი, ჩართულნი არიან პროცესში და დიდ ინტერესს იჩენენ გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, აღნიშნული თემატური შეხვედრები მნიშვნელოვანია და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადეს შეხვედრაზე ეკო აკადემიის მენტორებმა.

პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მასში მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
შეხვედრის დასასრულს, აღნიშნულ სკოლასა და ეკო აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა. ასევე აღინიშნა, ისიც რომ როგორც მოსწავლეებმა ასევე პედაგოგებმა, ჩატარებული შეხვედრის შედეგად, დარგის ექსპერტებისა და მენტორებისგან მათთვის საინტერესო თემატურ საკითხებზე განმარტებები და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გორის საჯარო სკოლის პედაგოგის, ეთერ ლუკაშვილის თქმით, ნარჩენების მართვის ბიზნეს აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანი, მიღებული ცოდნის, მეგობარი სკოლის მოსწავლეებისთვის გაზიარება იყო. პედაგოგმა, ეკო აკადემიის წარმომადგენლებს საინტერესო, ნაყოფიერი და ინფორმაციული შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

გორში გამართულ შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის ათამდე სკოლის მოსწავლე, აგრეთვე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის პედაგოგები: ფიქრია კაპანაძე და თამარ მერებაშვილი ესწრებოდნენ.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, ეკო აკადემიის მენტორები საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან თემატურ ლექციებს თბილისსა და რეგიონებში ინტენსიურად მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები