გიორგი ვოლსკი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით „საიას“ აღიარებაზე: მათთვის მნიშვნელობა აქვს პროცესის გაგრძელებას, რათა არსებობდეს მუდმივი ეჭვი, რომ შესაძლოა, იქ რამე უკანონობა ხდებოდეს
„მათთვის მნიშვნელობა აქვს პროცესის გაგრძელებას, რომ სტრასბურგში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს და მუდმივი ეჭვის შენარჩუნება, რომ შეიძლება, იქ რამე უკანონობა ხდებოდეს,“ – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სტრასბურგში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებზე თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
„წარმოუდგენელია სტრასბურგის და ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლო, სამართლიანი სასამართლო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეაჩერონ კანონი, რომელიც მოითხოვს კონკრეტული მილიონერი ფონდებისგან და მილიონერი ორგანიზაციებისაგან თავისი ხარჯების გასაჯაროებას. ასეთი რამ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე მათთვის მნიშვნელობა აქვს პროცესს, პროცესის გაგრძელებას, რომ სტრასბურგში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს და მუდმივი ეჭვის შენარჩუნება, რომ შეიძლება იქ რამე უკანონობა ხდება არის მათი ამოცანა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვდნენ ამ კანონის შეჩერებას. რა საკვირველია ამის იმედი არ ჰქონდათ, არც უნდა ჰქონოდათ, მაგრამ კონკრეტულ პოლიტიკურ ამოცანას ემსახურება ეს ორგანიზაცია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „საიას“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრებისას, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვია.