გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ ლაშა დოლიძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა უწყების თანამშრომლებს მინისტრის ახალი მოადგილე, ლაშა დოლიძე წარუდგინა. ლაშა დოლიძე სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
„ლაშა დოლიძეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი და საინტერესო პროფესიული გზა აქვს გავლილი. მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, ის მუშაობდა სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების სტრატეგიებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტია. მიხარია, რომ შემოუერთდა ჩვენს გუნდს და, მინდა, წარმატებები ვუსურვო. იმ ამოცანებსა და გამოწვევებს, რაც დარგში გვაქვს, ერთობლივი მუშაობით და თანმიმდევრული პოლიტიკით დავძლევთ და, შევეცდებით, საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ“, – აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.
ლაშა დოლიძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა; განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, განვითარების ეკონომიკის ცენტრში, უილიამსის კოლეჯში და მინიჭებული აქვს განვითარების ეკონომიკის ხელოვნების მაგისტრის ხარისხი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ახალი მოადგილე 2017-2018 წლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მსოფლიო ბანკის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ევროკავშირის და Mercy Corps-ის პროექტებში, როგორც ეროვნული მენეჯერი, ასევე საერთაშორისო ექსპერტი.
„სოფლის მეურნეობის განვითარებას მუდმივად ესაჭიროება ხელშეწყობა იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც არსებობს. თანამედროვე მიდგომების დანერგვა პრიორიტეტი იქნება. წარმოების და პროდუქტიულობის ზრდის მისაღწევად მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე ვიმუშავებთ, რაც წარმატებულ შედეგს მოგვიტანს“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.