“დღეს შესრულდა 108 წელი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან; საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ჩვენი სამშობლოს მტკიცე საყრდენია” – პაპუაშვილი

“დღეს შესრულდა 108 წელი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჩვენი კულტურა, თვითმყოფადობა და სახელი იყო, არის და იქნება ქართული ეკლესიის უმთავრესი საზრუნავი და ასპარეზი.

“1917 წლის 25 (12) მარტს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან, სადღესასწაულო წირვაზე გამოცხადდა, რომ აღდგენილია 486 წელს ვახტანგ გორგასლის მიერ მოპოვებული და 1811 წელს რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული ავტოკეფალური საეკლესიო მმართველობა.

ეს იყო უდიდესი მოვლენა, რომელიც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ქართული უნივერსიტეტის გახსნას, სხვა უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, რომლებიც ჩვენი წინაპრების ხელით აღსრულდა.

მიმდინარე წელს ჩვენ დედა-ეკლესიასთან ერთად ვემზადებით დიდი საეკლესიო და საერო საიუბილეო თარიღისთვის – 2026 წელს ქრისტიანობის საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის აღსანიშნავად. ეს იქნება განსაკუთრებული, არაერთი ღონისძიებით დატვირთული წელიწადი, რომელმაც მთელ ერს და მსოფლიოს უნდა გააგებინის ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია, ბრძოლით გამოვლილი საუკუნეები, მოხვეჭილი სახელი და დიდება.

ჩვენი კულტურა, ჩვენი თვითმყოფადობა და ჩვენი სახელი, იყო, არის და იქნება ქართული ეკლესიის უმთავრესი საზრუნავი და ასპარეზი. სწორედ ეკლესია გვაძლევს იმ სასიცოცხლო ძალას, რომლითაც იკვებება ქართველი ერი და რომელიც მტკიცედ ადუღაბებდა ჩვენს სახელმწიფოებრივ ცნობიერებას ყველა დროში.

ავტოკეფალიის აღდგენის დღე პირველ რიგში მსურს მივულოცო უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც აღდგენილი ავტოკეფალიის აღიარებისთვის უდიდესი ღვაწლი გასწია.

დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მრწამსისა და ეროვნებისა, რადგანაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ისევე როგორც ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ჩვენი სამშობლოს მტკიცე საყრდენია”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები