კახა კალაძე: საქართველოს მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა, იყო იმის საფრთხე, რომ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა დაეკარგა
„ჩვენი მხრიდან არ იყო მარტივი ის, რომ არ გადავდგით ნაბიჯი და მავანს არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო სხვა რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამისთვის შეგვეწირა სამშობლო და ჩვენი ხალხი. ეს არ იყო მარტივი, ამას ახლდა ძალიან ბევრი მუქარა, შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, შეურაცხყოფა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა გზის გავლა მოგვიწია, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკით იცავს საქართველოს ინტერესებს.
„ზუსტად იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რასაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. ამ პოლიტიკის გატარების დროს ქვეყნის შიგნითაც უამრავი შეურაცხყოფა მივიღეთ, ბევრი ადამიანი ვერ გაერკვა, თუ რა ხდებოდა და რა პროცესები მიმდინარეობდა. დღეს კი ყველაფერი ხელის გულზე დევს და არჩევანი და ანალიზი მარტივი გასაკეთებელია. მაგრამ როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ბევრს არ სჯეროდა, თუ რა გლობალური ომის პარტიაზე და რა „დიფ სთეითზე“ ვსაუბრობთ. დღეს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა „დიფ სთეითის“ დამარცხება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და ხელისუფლებას არასწორი ნაბიჯი გადაედგა, კერძოდ გაეხსნა მეორე ფრონტი, მიერთებოდა სანქციებს, დღეს ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა და შესაძლოა, სახელმწიფოებრიობაც დაეკარგა.