გურამ მაჭარაშვილი: ყველაფერი გახდა კრიტიკული 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია და საქართველოშიც ბუნებრივად მზადდებოდა მეორე ფრონტის პროექტი
პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი უცხოელი თანამდებობის პირების მიერ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს მედიასთან ეხმიანება.
„უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, საქართველოში გახშირდა აშშ-ს ელჩის, სხვადასხვა თანამდებობის პირების ვიზიტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ეს ვიზიტები არ იყო მეგობრული და ეხებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ უცხოელი მაღალჩინოსნების მხრიდან ეს მოწოდებები სხვადასხვანაირად იყო შეფუთული და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მმართველი გუნდიდან რამდენიმე დეპუტატის გამოყოფა. გურამ მაჭარაშვილი თქმით, „ხალხის ძალის” წერილებმა და განცხადებებმა ხელისუფლებას საშუალება მისცა პრაგმატული პოლიტიკა ეწარმოებინა.
„ყველაფერი გახდა კრიტიკული 2022 წელს, როდესაც უკრაინაში დაიძაბა სიტუაცია და ყველა ხვდებოდა, რომ იქ კარგად არ დასრულდებოდა ეს საკითხი, ვგულისხმობ ომის დაწყებას, საქართველოშიც ბუნებრივად მზადდებოდა მეორე ფრონტის პროექტი. ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, საქართველოში გახშირდა აშშ-ს ელჩის, სხვადასხვა თანამდებობის პირების ვიზიტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ეს ვიზიტები არ იყო მეგობრული და ეხებოდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ეს მოწოდება, თუ გადაწყვეტილება შეფუთული იყო სხვადასხვანაირად, ამაზე არაერთხელ ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. უცხოელები გვეუბნებოდნენ, რომ უნდა გვებრძოლა, გვახსოვს კარგად მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან, ასევე ამერიკის ელჩისგან, ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტის თავმჯდომარისგან, ქალბატონმა ფარკასმა პირდაპირ თქვა – შეიძლება რუსეთი შემოვიდეს თქვენთან, მაგრამ მერე რა, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებითო. როგორ იყო და არის ამერიკა უკრაინის გვერდით ესეც ვნახეთ. რეალურად, დღეს რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა მინიმუმ ამ მდგომარეობაში, თუ უარესში არა, იქნებოდა საქართველო. დღეს რას საუბრობენ უკრაინასთან დაკავშირებით ამოვიღოთ არაერთი სენატორის, ყოფილი თუ მოქმედი ელჩის, ექსპერტების განცხადებები- ამერიკული სისხლი არ იღვრება, იღვრება უკრაინული და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ომს ეფექტურად ვიყენებთო. ამბობენ, რომ უკრაინაში დაღვრილი სისხლის ხარჯზე ამერიკა თავის ეროვნულ ინტერესებს აწარმოებს. იგივე უნდოდათ საქართველოშიც. მათი გადმოსახედიდან ეს შეიძლება გასაგები იყო, მაგრამ ვნახოთ საქართველოს, ჩვენნაირი პატარა ქვეყნის ისტორია და გავაანალიზოთ რა შედეგებზე გავიდოდა ეს ქვეყანა. აქედან გამომდინარეობდა ჩვენი გამოყოფაც, როდესაც ჩვენ, რამდენიმე დეპუტატი მივხვდით, რომ სხვა გზა აღარ იყო და სიმართლე უნდა გვეთქვა ხალხისთვის. ერთადერთი იარაღი მაშინ ეს იყო – ხალხი შეგვეიარაღებინა სიმართლით. დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე მძლავრი იარაღი არის დეზინფორმაცია, როგორც კი საზოგადოებას დააჯერებ დეზინფორმაციას, მარტივად ახდენ რევოლუციას, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლას და ნებისმიერი საკითხის შეცვლას. მაგალითად, ორკაციანი სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება ვიღაცას შეასაღო ლეგიტიმურ ორგანიზაციად. ასე მოხდებოდა, რომ არა თავიდან რამდენიმე დეპუტატის გამოყოფა და შემდეგ „ხალხის ძალის” წერილები და პოლიტიკა, რასაც ხალხის სიმართლით შეიარაღება ჰქვია. როდესაც ჩვენ ხალხი შევაიარაღეთ სიმართლით, რაც არ იყო მარტივი, გეთანხმებით, რომ ვიყავით პირველები, რომლებმაც გამოვიყენეთ ტერმინი „ვასალური დამოკიდებულება” და ატყდა ერთი ამბავი, ჩვენ ვთქვით, რომ გვინდა პარტნიორობა და არა მონობა, მშვიდობა და არა ომი. შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად რეალური და ხალხში მცირე დოზებით შევიტანეთ სიმართლე, რამაც მისცა საქართველოს ხელისუფლებას საშუალება, რომ თავისი პრაგმატული პოლიტიკა ეწარმოებინა. ამ დეზინფორმაციული წვიმის ფონზე, რაც მაშინ მოდიოდა, მარტივი იყო რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლების შეცვლა და იმ ნაციონალური მოძრაობის მოსვლა, რომელიც მეორე ფრონტს გახსნიდა,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.