სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარების შესახებ: იკვეთება, რომ არსებობდა ერთიანი კარგად შემუშავებული სქემა, სადაც ხელისუფლების ხელში იარაღს ეს ორი ადამიანი წარმოადგენდა

„ძალიან ბევრ ამ საქმეში იკვეთება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ხელისუფლებაში ვითომ არ მყოფი გარკვეული პირების სახელები, რომლებიც სინამდვილეში ჩართულნი იყვნენ ძალადობრივი მექანიზმების აღსრულებაში,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „მაგნატის” საქმის განხილვაზე დაბარებულ პირთა შესახებ საუბრისას.

როგორც, სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომისიის საქმიანობის პროცესში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დაზარალებულები ხელახლა აცოცხლებენ იმ სისასტიკეს, რასაც ადგილი ჰქონდა 2003-2012 წლებში.

„კომისიის მასალებს რომ ვეცნობი, კიდევ ერთხელ ცოცხლდება თვალწინ უკანონობის, ძალადობის, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ცინიზმის მთელი ის ეპოქა, რასაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი. ძალიან ბევრ ამ საქმეში იკვეთება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ხელისუფლებაში ვითომ არ მყოფი გარკვეული პირების სახელები, რომლებიც სინამდვილეში ჩართულნი იყვნენ ძალადობრივი მექანიზმების აღსრულებაში.

ერთ-ერთი ამგვარი საქმეა „მაგნატის” საქმე, რომელზეც, როცა ვეცნობით საქმის მასალებს (სხვათა შორის, სასამართლოს მხრიდან დამდგარია გამამართლებელი განაჩენი), როცა ვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალებულები იყვნენ, კიდევ ერთხელ განვიცდით შოკს ცინიზმის და უსამართლობის გამო, რაც იყო იმ ხელისუფლების პირობებში. ამ უსამართლობის შემადგენელი ნაწილები იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ეს ვლინდება ძალიან ბევრ საქმეში, როცა ხელისუფლება მათი მეშვეობით ადამიანებს ატერორებდა, ართმევდა ბიზნესს და შემდეგ ეს ბიზნესები ზოგჯერ რჩებოდა ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში, ზოგჯერ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბოლოოდ კეზერაშვილის ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე.

იკვეთება, რომ არსებობდა ერთიანი კარგად შემუშავებული სქემა, სადაც ხელისუფლების ხელში იარაღს წარმოადგენდა ეს ორი ადამიანი. ისინი წესით უნდა მოვიდნენ კომისიის სხდომაზე, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის კონსტიტუციას და მგონია, რომ მოვლენ და პასუხს გასცემენ მათ მიმართ არსებულ კითხვებს. თუ არ მოვლენ, ამ შემთხვევაშიც არსებობს შესაბამისი მექანიზმები, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები