“ველოდები, რომ სერბეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი იქნება, ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს, რომელიც მეტად დაახლოებაში უნდა გადაიზარდოს” – ნიკოლოზ სამხარაძე
„დღეს დაიწყო საგარეო ურთიერთობა კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში. ჩვენ უკვე გქონდა პირველი შეხვედრა, ახლა ვემზადებით უშუალოდ ჩემს კოლეგასთან შესახვედრად”, – ამის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სერბეთსა და საქართველოს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები აქვს, რომელიც მეტად დაახლოებაში უნდა გადაიზარდოს.
“დღის განმავლობაში გვექნება შეხვედრები ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ხვალ დაგეგმილია თავდაცვის კომიტეტის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრა, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრეზიდენტის საგარეო მრჩეველთან. შესაბამისად, საკმაოდ დატვირთული პროგრამა გვაქვს. რაც შეეხება მიზნებსა და ამოცანებს, საქართველოსა და სერბებს საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ. პირველ რიგში, ორივე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენი საგარეო პოლიტიკური საბოლოო ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, გამოწვევები პოლარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც უნდა გადაიზარდოს უფრო მეტად დაახლოებაში. გვსურს, თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო, ასევე სერბეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ეკონომიკურ საკითხებზე პერსპექტივები, რომ გავზარდოთ ვაჭრობა, ტურიზმი, ხალხთაშორისი მიმოსვლა. ამიტომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც შეგვიძლია, ვისაუბროთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. ამიტომ, ველოდები, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ვიზიტი იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.