შალვა პაპუაშვილი – „ფარას“ კანონთან დაკავშირებით NGO-ის კრიტიკაზე: ეს „ენჯეოები“ ტრამპის ადმინისტრაციასაც უწოდებენ პრორუსულს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NGO-ის კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ ამერიკული „ფარას“ სახით რუსული კანონია შეფუთული.
„რაც შეეხება ამ სტიგმატიზებას კანონების, როგორც რუსული კანონი და ა.შ. ხომ ვნახეთ, რომ ეს არ არის საქართველოში მოფიქრებული პროპაგანდისტული ილეთი. ვხედავთ ამ ილეთს, როგორ იყენებენ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ და როგორ იყენებდნენ ტრამპის წინააღმდეგ, მათ შორის ზუსტად ისინი, ვინც აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“.
ეს „ენჯეოები“ ტრამპის ადმინისტრაციასაც უწოდებენ პრორუსულს და მის ზოგიერთს წარმომადგენს. მისი დამფინანსებლები, მაკკეინის ინსტიტუტი მაგალითად, პირდაპირ სექსუალურ მოძალადეს ეძახის ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს. ასე, რომ ეს არის მეთოდი, რომელიც საქართველოში მოფიქრებული არ არის, არამედ მოფიქრებულია მათი დამქირავებლების მხრიდან, რომელიც აფინანსებენ ამ „ენჯეოებს“. იმისათვის, რომ რაღაც კანონს შეეწინააღმდეგონ ან რაიმე პროცესს უნდა მიაწებონ კლიშე რუსულის და მორჩა, ამით გაექცნენ დისკუსიას.
შეგახსენებთ, რომ შარშან ოქტომბერში გამოვიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რუსეთში მოქმედ კანონთან დაკავშირებით, სადაც სტრასბურგის სასამართლომ ჩამოწერა ექვსი კრიტერიუმი, რა შემთხვევაში იყო ევროპული კონვენციის დამრღვევი ამ ტიპის კანონები. არცერთი ამ ექვსი საკითხისგან ქართულ კანონში არ არის. სინამდვილეში, ეს არის ყალბი პროპაგანდისტული ხერხი, რომელსაც იყენებენ „ენჯეოები“. მე მათთან კითხვა არ მაქვს, მე მაქვს კითხვა დონორებთან. ევროკავშირის ელჩიდან საქართველოში და სხვა საელჩოების თუ დონორების წარმომადგენლებთან, რატომ ახალისებენ ამ დეზინფორმაციულ პროპაგანდას ქართველი ხალხის წინააღმდეგ?
ხედავთ რა აბსურდამდე მივიდნენ, რომ სპეციალურად სიტყვა-სიტყვით ეს კანონი გადმოწერილი. იცით, რომ ინიციირებულ ვერსიაში სპეციალურად ტერმინებიც კი, დავტოვეთ ამერიკული და შემდეგ შევასწოროთ ტერმინების დონეზე მხოლოდ. სიტყვა-სიტყვით არის ის, რაც არის ამერიკაში. ახლა ისინი თუ ამერიკას უწოდებენ რუსეთს, ეს მათი საკითხია. ეს „ენჯეოები“ ამერიკის დღევანდელ ხელისუფლებას უწოდებენ რუსეთთან გარიგებულ ხელისუფლებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.