შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა უნდა უპასუხოს კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ გვიმალავდა
“საქართველოში ევროკავშირის ელჩმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში დროებითი ღონისძიების სახით არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატომ გვიმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს სკანდალური ინფორმაციაა, რომელიც ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა, გავიგეთ საია-სგან. როგორც გახსოვთ, მე საჯაროდაც ვეუბნებოდი მათ, რომ გაეცათ პასუხი კითხვაზე, ითხოვდნენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოსგან, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან გამჭვირვალობის კანონის დროებით შეჩერებას იქამდე, ვიდრე მიმდინარეობს განხილვა. ამ პასუხს გაურბოდნენ და ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა, აღიარეს, რომ თურმე არც კი მოუთხოვიათ. ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მათი სარჩელი განსახილველად. გამჭვირვალობის კანონი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის ქვეშ არის, თუმცა არ დააკმაყოფილო დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება და ამას მოჰყვა თავდასხმა ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტი „ენჯეოების“ მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე. შეგახსენებთ, მათ მოღალატეებს უწოდებდნენ სოროსის ფონდის წარმომადგენლები, „ისფედი“, თავად საია-ს წარმომადგენლები თავს ესხმოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმის გამო, რაც საბოლოო ჯამში, აღიარეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა კანონის შეჩერების. რატომ არ მიმართეს, რას გვეუბნება ეს ყველაფერი – პირველი, რომ საია და ის უცხოეთიდან დაფინანსებული 100 „ენჯეო“, რომელიც ავტორია ამ სარჩელის, თავად აღიარებენ, რომ გამჭვირვალობის კანონი რაიმე მყისიერ რისკებს თუ საფრთხეებს არ წარმოშობს მათთვის. თავადვე აღიარეს, როცა ეს არ მოითხოვეს და ამავე დროს, აღიარეს, რომ ეს რომ მოეთხოვათ, მიიღებდნენ უარს სტრასბურგის სასამართლოსგან. ამის საპირწონედ კი, საქართველოში მოითხოვეს ის, რაც თავადაც იცოდნენ, რომ არ ეკუთვნოდათ კანონის შეჩერება. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად სამართლიანად არ დააკმაყოფილა მათი ეს მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლო გახადეს თავდასხმის ობიექტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.