თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს პატიმრობა შეუფარდა

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა შეუფარდა,- ამის შესახებ, Bloomberg-ი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იტყობინება.

იმამოღლუს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე მუხლით წარუდგინეს. საუბარია კრიმინალური ორგანიზაციის მართვაზე, ქრთამის აღებაზე, გამოძალვაზე, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერასა და ტენდერის გაყალბებაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერი ქალაქის დასავლეთით მდებარე,  სილივრის ციხეში გადაიყვანეს. როგორც მედია იუწყება, იმამოღლუ პროცესის დასრულებამდე პატიმრობაში იქნება.

“მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე სიახლე სილივრის ციხიდან, რომელიც ძალიან მახარებს. ჩვენი რესპუბლიკური სახალხო პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერის არჩევნებში მონაწილეობის რეკორდული დონე იყო.

ჩვენმა 15 მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა. ამ ქვეყანაში ათობით მილიონი ადამიანი, რომლებიც განიცდიან ხელისუფლების ჩაგვრას, დანგრეულ ეკონომიკას, არაკომპეტენტურობასა და უკანონობას, მივარდა საარჩევნო ყუთებს და მათ ერდოღანს უთხრეს: „საკმარისია“. მოვა ეგ დრო, ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას“.- წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.

პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ ხმებიდან დაახლოებით 1.6 მილიონი პარტიის წევრებს ეკუთვნის, დანარჩენი კი იმამოღლუს მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად სხვა მოქალაქეების ხმებია. ოზელის მტკიცებით, ხმებმა აჩვენა, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

როგორც ცნობილია, თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 2028 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად თურქეთსა და რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო ყუთები განათავსა.

აღსანიშნავია, რომ მერის დაკავების შემდეგ, შეკრების აკრძალვის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციებში თურქეთის სხვადასხვა რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები