ტრამპი პუტინს სანქციებით ემუქრება, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სანქციებს დაუწესებს, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, ტრამპს არ უსაუბრია იმაზე, თუ კონკრეტულად რა სანქციებს გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა უკვე შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციები 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში შეჭრის გამო.
ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაციაც განიხილავს უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხს, თუმცა, მისი აზრით, ევროკავშირმა კიევის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს.
„ჩვენ ვესაუბრებით ზელენსკის. ჩვენ ვაპირებთ ვესაუბროთ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მალე“, – აღნიშნავს ტრამპი.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მან ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოუწოდა, ჩაერიოს კონფლიქტში და შეაჩეროს ომი უკრაინაში.