როგორია ვითარება სამხრეთ კავკასიაში და როგორი ძალთა ბალანსი ყალიბდება რეგიონში – ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში ლიდერ სახელმწიფოდ ყალიბდება.
“კავკასიაში ძალთა ბალანსი, ჯერჯერობით, ისაა, რომ აზერბაიჯანი თავის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით როგორც ლიდერი სახელმწიფო ყალიბდება. გარდა იმისა, რომ მას გვერდით ძლიერი მოკავშირე თურქეთი უდგას, აქვს ნავთობი, რეგიონში ყველაზე ძლიერი სამხედრო პოტენციალი, აღარაფერს ვამბობ ნავთობსა და გაზზე, რაც მისი ყველაზე დიდი რესურსია. შესაბამისად, აქ ძალთა ბალანსი აშკარად აზერბაიჯანის მხარესაა გადახრილი. თუ მიაქციეთ ყურადღება, აზერბაიჯანმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირით სომხეთთან მიმართებით ძალიან მკაცრი განცხადება გააკეთა, როდესაც მას ფაშისტური სახელმწიფო უწოდა, თქვა, რომ თუ ამ საკითხს თავად სომხები არ მოაგვარებენ, მაშინ აზერბაიჯანი მოაგვარებს, ანუ ასეთი სახელმწიფოს არსებობას წერტილს დაუსვამს. ეს ძალიან მძიმე დარტყმაა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელსაც ყველა ასე მოუთმენლად ელოდება. ეს რეგიონში სტაბილურობის დამყარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარი უნდა გახდეს. ასეთი განცხადების და სომხეთისგან ანალოგიური პასუხის შემდეგ, როდესაც მათ აზერბაიჯანი იქით დაადანაშაულეს ფაშისტური სახელმწიფოს არსებობაში, მხარეებს შორის ურთიერთობები დაიძაბა” – განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო ესკალაციის ალბათობა არსებობს.
“აზერბაიჯანმა დღის წესრიგში ზანგეზურის დერეფნის საკითხი ისევ წამოსწია, რომელიც ამ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტიდან დროებით ამოღებული იყო. ეს ყველაფერი, როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი ანალიტიკოსები ამბობენ, იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია ესკალაციისკენ მიდის. ყოველ შემთხვევაში, სამშვიდობო შეთანხმებამ გადაიწია. როდესაც მხარეები ერთმანეთის მიმართ ასეთ რიტორიკას იყენებენ, ეს ყოველთვის ესკალაციით მთავრდება ხოლმე. თუმცა, ჩემი აზრით, ჯერჯერობით, ესკალაციის ალბათობა, ალბათ, მაინც საშუალოზე დაბალია, რადგან აზერბაიჯანი საერთაშორისო წრეების რეაქციას მაინც ანგარიშს უწევს. შეიძლება, მან სამხედრო ნაბიჯები ასე მყისიერად არ გადადგას, მაგრამ წლის განმავლობაში არ გამოვრიცხავ, რომ ზანგეზურის დერეფანზე კონტროლის აღების მიზნით გარკვეული სამხედრო მოქმედებები განახორციელოს.
თქვენ მკითხეთ იმაზე, თუ რას უნდა ნიშნავდეს სომხეთის ასეთი ინტენსიური მოძრაობა დასავლეთისკენ. ვფიქრობ, მას შემდეგ რაც სომხეთში რუსეთის მხარდაჭერის იმედი დაკარგეს და მათ შორის ურთიერთობები საკმაოდ გაცივდა, მათ გადაწყვიტეს, გეოპოლიტიკური ვექტორი, გარკვეულწილად, შეეცვალათ, მაგრამ, ამას აკეთებენ ძალიან მდორედ, მშვიდად, რომ რუსეთი ძალიან არ გააღიზიანონ. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთში ამ თამაშებს კითხულობენ, ანუ რა თამაშსაც ერევანი თამაშობს, ვფიქრობ, მათგან ამაზე რეაქცია იქნება. სომხეთი რამდენად შეძლებს, აქედან ის სტრატეგიული სარგებელი მიიღოს, რასაც ელოდება, ეს ძალიან სათუო საკითხია, რადგან, კი, აძლევენ იარაღს, სამხედრო დახმარებას უწევენ, მაგრამ, ჯერჯერობით, მაინც შეზღუდული მასშტაბით, არა ისეთს, რომ დავუშვათ, აზერბაიჯანზე გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობა მოიპოვოს. მაგრამ, ამან შეიძლება, ისევ სომხეთი დააზარალოს, რადგან რაღაც მომენტში, შესაძლოა, გაუჩნდეს განცდა იმისა, რომ მისი სამხედრო პოტენციალი აძლევს საშუალებას, ყარაბაღში კონტროლის აღსადგენად აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. აქ ერთი დელიკატური მომენტია: აზერბაიჯანი სომხეთისგან დაჟინებით ითხოვს, რომ მისი კონსტიტუციიდან მთიანი ყარაბაღის ხსენება ამოიღოს. სომხეთი ამაზე არ თანხმდება. ვიდრე მთიანი ყარაბაღი სომხეთის კონსტიტუციაშია ნახსენები, ყოველთვის იარსებებს იმის ალბათობა, რომ სომხეთმა ამ ტერიტორიის დაბრუნებაზე პრეტენზია განაცხადოს. სამწუხაროდ, სამხედრო ესკალაციის ალბათობა არსებობს და ჩვენ ამ სიტუაციაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.