ცხოვრობს თბილისში. პროფესიით იურისტია. მუშაობს ერთ–ერთ კერძო კომპანიაში. დაახლოებით წელიწად–ნახევრის წინ დაიწყო თოჯინების დამზადება. თავად ამ ყველაფერს ძაფებით შექმნილ ბავშვობის ისტორიას უწოდებს.
მისი ფერიები, მართლაც, ბავშვობის გახსენებას ჰგავს, სიკეთეს და სიყვარულს ასხივებენ. – თამარ (თიკო) ბუნტურის პერსონა.
– ხატვა ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ…
– დავიბადე და გავიზარდე „პლეხანოვზე“. დავამთავრე თბილისის 23-ე საშუალო სკოლა. პლეხანოვთან, ჩემს სკოლასთან, ბავშვობისდროინდელ მეგობრებთან, მეზობლებთან („იტალიურ ეზოში“ ვცხოვრობდი) განსაკუთრებულად თბილი მოგონებები მაკავშირებს. ეს ის მოგონებები უწყვეტად მიჰყვება ჩემი ცხოვრების გზას და ისეთი სითბოთი მავსებს, ისეთი მონატრებით…
– თოჯინების დამზადება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეთ…
– თოჯინების დამზადება წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე. სულ მინდოდა, ხელსაქმის დაწყება. რადგან ხატვა არ ვიცი, არც კერვა, არც ქსოვა, დიდხანს ვათვალიერებდი ინტერნეტსივრცეში ვიდეოებს ჩემთვის მორგებული ხელსაქმის შესასწავლად და აღმოვაჩინე, რომ ძაფებით შევძლებდი თოჯინების გაკეთებას. შევუდექი საჭირო მასალების მოძიებას და დავიწყე. სხვათა შორის, დავიწყე მცირე დანახარჯით, ალბათ 50 ლარიდან.– „ძაფებით შექმნილი ბავშვობის ისტორია“ – ასე უწოდებთ თქვენს თოჯინებს. ძაფები ალბათ შთაგონებას გაძლევთ?
– ძაფები შთაგონებას მაძლევს, რადგან არსებობს უამრავი ფერის ძაფი და სწორედ ეს ფერებია ჩემი შთაგონების წყარო. ამ იისფერებს იმდენი საოცრების შექმნა შეუძლიათ, შეუძლიათ გაალამაზონ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ამბები. ჰოდა, აი, მეც ამ ლამაზი ფერის ძაფებით დავიწყე ლამაზი ამბების მოყოლა.
– გაქვთ გვერდი Tikuna’s Hand Made ქმნით ფერიებს, ერთ-ერთს მართაც დაარქვით…
– მაქვს გვერდი – “tikuna’s hand made”, სადაც განთავსებულია ყველა ჩემი ნამუშევარი. თანდათან შემომიერთდნენ გამომწერები. მათი ძალიან მადლიერი ვარ. თითოეული კომენტარი ძალას და შემართებას მაძლევს. საახალწლოდ ფერიები დავამზადე, რომლებიც საკმაოდ მოთხოვნადი იყო. ზოგადად, მუშაობის პროცესში დადებითი ენერგიით ვიმუხტები. თითოეულ თოჯინას ვეფერები, სახელებს ვარქმევ. „ჩემო ლამაზო“, „ჩემო დახატულო“, – ასე ვესაუბრები მათ.
პირველი თოჯინა, რომელიც ჩარჩოზე მოვასკუპე, ჩემი ძმისშვილის – მართასთვის დავამზადე.
რატომღაც მგონია, რომ ჩემს ნამუშევრებს ახალი პატრონებისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლიათ. დიდი მოთხოვნაა, ასევე, ოჯახურ თემატიკაზე შექმნილ კომპოზიციებზე. მიგზავნიან ფოტოებს.
– რამდენ ხანში იქმნება ერთი თოჯინა?
– თითოეული თოჯინის შესაქმნელად 2-3 საათი მაინც მჭირდება, გააჩნია, როგორ დავტვირთავ. ჩარჩოზე თუ მაქვს გასაკეთებელი, ზოგჯერ 2 – 3 დღეც მჭირდება.
– მეუღლე მხატვარია. გვიამბეთ ოჯახზე…
– მეუღლე და ერთი შვილი მყავს. 11 წლის ვაჟი. მეუღლე მხატვარია და განსხვავებული ხედვა აქვს. ჩემი პირველი შემფასებელია. მოსწონს, რასაც ვაკეთებ. ამბობს, რომ გემოვნებიანი ნამუშევრებია და ძალიან მახარებს მისი შეფასებები. ყველა ბიჭი-თოჯინა ჩემი შვილის პროტოტიპია. ალბათ წარმოგიდგენიათ, რა ენერგეტიკით ვქმნი მათ.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ჩემი ხელსაქმეა. ზოგადად მე ხელოვნების მოტრფიალე ვარ, თუმცა რადიკალურად განსხვავებული პროფესია ავირჩიე (პროფესიით იურისტი ვარ), მაგრამ ხელოვნება ისაა, რაც მე მასულდგმულებს.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– გამოფენებს არ ვგეგმავ. არ მაქვს ამის ამბიცია, თუმცა განვითარებაზე ფიქრს არ ვწყვეტ. მეტად მინდა დავხვეწო ეს ყველაფერი, სიახლეები შევიტანო და განსხვავებული წარვდგე მომხმარებლის წინაშე.
თამარ შაიშმელაშვილი