სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სხვადასხვა წყაროდან შემოვიდა შეტყობინებები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევებს ეხებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა აქციაზე დაშავებული 164 პირის მიმართ დაინიშნა.

სამსახურის მიერ მოპოვებული იქნა მედიით და საჯარო ინტერნეტსივრცეში გასული ჩანაწერები, მიმდინარეობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილზე და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა. ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა 1100 საათს აღემატება.

მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებულ იქნა 36 პირის ტანსაცმელი, რომელზეც დაინიშნა ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები.

დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველების გამოკითხვები.

გამოძიება, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და ცალკეული სამართალდამცველების იდენტიფიცირების მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ატარებს.

შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც დაზარალებულად ცნობაზე ბრალდების მხარეს მიმართეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს. ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს მათ მიერ გამოკითხვაში დაფიქსირებულ ყველა გარემოებას, თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, იმ რესურსით, რომელიც უწყებას გააჩნია, თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე სამართლებრივი შედეგის დასადგომად, მაქსიმალურ ძალისხმევას არ იშურებს და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

სამსახური, გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები