უკრაინა: რუსეთმა სახელმწიფო რეესტრზე კიბერშეტევა განახორციელა
უკრაინის იუსტიციის მინისტრის, ოლგა სტეფანიშინას ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის სახელმწიფო რეესტრზე კიბერშეტევა განახორციელა.
კიბერთავდასხმის შედეგად მუშაობა დროებით შეწყვიტა უკრაინის სახელმწიფო და ერთიანი რეესტრის სისტემამ.
სისტემა 19 დეკემბერს, ღამით გაითიშა და მის აღდგენას, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება.
სტეფანიშინას განცხადებით, რუსი ჰაკერების მიერ ორგანიზებული თავდასხმის მიზანი უკრაინის ძირითადი სახელმწიფო სერვისების ფუნქციონირების დარღვევა იყო.
“უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ შეტევა რუსებმა განახორციელეს იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მუშაობისთვის. რუსეთი ცდილობს ეს სიტუაცია საკუთარი ინფორმაციული ოპერაციებისთვის გამოიყენოს, რათა უკრაინის მოქალაქეებს შორის და მის საზღვრებს მიღმა პანიკა დათესოს” – წერს სტეფანიშინა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსი ჰაკერების ჯგუფმა XakNet Team-მა აიღო.