გურამ მაჭარაშვილი: 2025 წლიდან სულ სხვა მსოფლიო დღის წესრიგი დადგება, რომელიც დამყარებული იქნება რწმენაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, პარტნიორობაზე და არა ვასალობაზე
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, 2025 წლიდან სულ სხვა მსოფლიო დღის წესრიგი დადგება, რომელიც რწმენაზე, ოჯახურ ღირებულებებსა და პარტნიორობაზე იქნება დამყარებული და არა ვასალობაზე.
„კოჭლი იხვი კარგად ვიცით, რომელიც არის ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია და საქართველოში ეს კოჭლი იხვი სალომე ზურაბიშვილის სახით კიდევ უფრო რთულ ვითარებაშია. როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ჯერჯერობით მოქმედი პრეზიდენტები დღეებს ითვლიან, რომ ადმინისტრაციებიდან გამობარგდნენ და ეს მოიხსენიება, როგორც კოჭლი იხვი. ამერიკაში ერთი თვის შემდეგ სხვა ადმინისტრაცია იქნება, რომლის მესიჯები თითქმის ერთი ერთში ემთხვევა ჩვენს გზავნილებს – მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებაზე, რწმენაზე, თუმცა ახლა ბოლო კუდის მოქნევას ვხედავთ, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და მათ პატრონებთან კითხვა მაქვს – კაია კალასს ეთანხმებიან, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა არ უნდა იყოს და უკრაინას მშვიდობას ნუ სთავაზობენ, თუ დონალდ ტრამპს ეთანხმებიან, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა უნდა დაამყარონ? ან ერთი უნდა აღიარონ, ან მეორე. გამოვიდნენ და თქვან, ვის ეთანხმებიან. 2025 წლიდან სულ სხვა მსოფლიო დღის წესრიგი დადგება, რომელიც დამყარებული იქნება რწმენაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, პარტნიორობაზე და არა ვასალობაზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.