გიორგი ვოლსკი: რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება, იქნება ეს ევროკავშირის ტრიბუნიდან თუ აშშ-ის ადმინისტრაციიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოშობილი ვითარების გამოძახილია
“ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
„ყველაფერი, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება, იქნება ეს ევროკავშირის ტრიბუნიდან თუ აშშ-ის ადმინისტრაციიდან, ეს გამოძახილია იმ მძიმე ვითარებისა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოიშვა. ომი მიმდინარეობს და საქართველო, რასაკვირველია, ერთ-ერთი ამ დიდი დაპირისპირების თეატრის სეგმენტია. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში საქართველოსგან მოითხოვება გარკვეული პოზიციის დაფიქსირება. გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით, რაღაც საკითხებზე პრინციპულად ვერ ვთანხმდებით და ეს ჩვენი ხელისუფლების მიმართ გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს. ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ შევიდეს რუსეთთან დაპირისპირებაში, რაც საქართველოსთვის შეუქცევადი ნგრევის ტოლფასი იქნება. აქედან გამომდინარე, გასაგებია ეს დამოკიდებულება, მაგრამ ერთიც უნდა გვახსოვდეს – ჩვენ აშშ-დანაც ორპარტიული მხარდაჭერა გვჭირდება, ამიტომ მზად ვართ, თუნდაც დღე-დღეზე წამსვლელ ადმინისტრაციასთან, თუნდაც მომავალ ადმინისტრაციასთან, თუნდაც ერთად – კონგრესსა თუ სენატში ვიმუშაოთ, რომ ეს ჩვენი ურთიერთობა არათუ აღდგეს, არამედ დაუბრუნდეს იმ პოზიციას, რასაც თანასწორუფლებიანი პარტნიორი დამოკიდებულება ჰქვია. ამის წინაპირობა და გამოცდილება არსებობს და ამას ჩვენ ვიხილავთ, როგორც დროებით ნეგატიურ მოვლენას, რომელიც აუცილებლად პოზიტივებით შეიცვლება, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა გადალაგებას დაიწყებს და ორიენტირი მშვიდობაზე იქნება აღებული და არა იმ ომებზე, რომელიც ემატება და ემატება მსოფლიოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი “გლობალური მაგნიტსკის” სიაში შეიყვანა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის “სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია”-ში (SDN List) მოხვდნენ. SDN List-ი “ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების “მაგნიტსკის გლობალური აქტის” საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.