WP: სირიელი მეამბოხეები დახმარებას უკრაინიდან იღებდნენ
სირიელი მეამბოხეები დახმარებას უკრაინიდან იღებდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მეამბოხეები, რომლებმაც ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა შეძლეს, უკრაინიდან იღებდნენ უპილოტო საფრენ აპარატებს, იღებდნენ დახმარებას უკრაინელი მზვერავებისგან, რათა ზიანი მიეყენებინათ რუსეთისა და მისი სირიელი მოკავშირეებისთვის.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ინფორმაცია უკრაინელ სამხედროებთან დაახლოებულმა წყაროებმა მიაწოდეს.
მათივე ცნობით, უკრაინამ სირიაში დრონების 20 ოპერატორი გაგზავნა და მეამბოხეებს 150 უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უკრაინის დახმარებამ ასადის რეჟიმის დამხობაში მოკრძალებული როლი ითამაშა, თუმცა ეს მიუთითებს უკრაინის ძალისხმევაზე, ფარული დარტყმები მიაყენოს რუსეთის ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
„უკრაინის მოტივაცია თვალსაჩინოა: უკრაინელები რუსეთის ზეწოლას ქვეყნის შიგნით აწყდებიან, ამიტომ უკრაინული დაზვერვა ეძებს სხვა ფრონტებს, სადაც მას შეუძლია რუსეთის ინტერესების განადგურება“, – წერს „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ამტკიცებდა, რომ უკრაინა სირიელ მეამბოხეებთან თანამშრომლობს.