გორდულაძე – აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე: პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი, ღირსეულად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს
“რაც ვნახეთ, მეთიუ მილერმა რამდენჯერმე დაწერა პოსტი, შემდეგ წაშალა, შემდეგ ისევ დაწერა, კიდევ წაშალა და, საბოლოოდ, მივიღეთ განცხადება, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულიაო. სავარაუდოდ, ჩვენ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერეს, მათ შორის, შეგვიჩერეს პირდაპირი ფრენები – ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, როდესაც პარტნიორობაზე გვაქვს საუბარი, პარტნიორობა და მეგობრობა ვიცით ორმხრივი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორების მიმართ ვიყოთ ღირსეულები და არაერთ ქართველს, საკუთარი სისხლის და ოფლის ფასად გადაუხდია ეს ვალი და დაუმტკიცებია, რომ ჩვენ ნამდვილად ღირსეულად ვასრულებთ ჩვენს წილ ვალდებულებებს და კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამის საპასუხოდ ვიღებთ აბსოლუტურ ტყუილს და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს უფრო ჰგავს კუდის მოქნევის მცდელობას ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რათა ტრამპის ახალ ადმინისტრაციას რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ”, – განაცხადა გორდულაძემ.