იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის მთავარი 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებაში
“ეს ადამიანები არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის მთავარი 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ვიცით, რომ ეუთო/ოდირი 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს მათ შორის, როგორც კონკურენტული, ასევე ორგანიზების თვალსაზრისით და ის ცნობს იმ შედეგებს, რაც დადგა 26 ოქტომბერს. ახლა, ამ ადამიანებმა დაიწყეს დამალვა და თითქოს, ეუთო/ოდირი აღარც არსებობს მათთვის, ისეთი პოზიციები უკავიათ. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან ორმაგი სტანდარტების მსახურები და ჩანს, რომ ეს ადამიანები არიან ფარისევლები და მატყუარები – ანუ, თუ რაღაც მათ რადიკალურ დღის წესრიგს აწყობს, ისინი ამას გამოიყენებენ, თუ ფიქრობენ რომ არ აწყობთ, მაშინ ურცხვად და უტიფრად შეეცდებიან საზოგადოების მოტყუებას და საკუთარი სიტყვების გადათქმასაც. ამიტომ, მორალისგან ასეთი დაცლილი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის.“ – აღნიშნა იონათამიშვილმა.