ირაკლი კობახიძე: განათლების სისტემაში ფესვები ჰქონდათ გადგმული ფსევდოლიბერალებს და ეს ფესვები დღესაც სამწუხაროდ აქტუალურია, სავალდებულო პროგრამაში უნდა დაბრუნდეს ის საკითხები, რაც არის აუცილებელი პატრიოტის აღზრდისთვის
განათლების სისტემაში წლების მანძილზე ფესვები ჰქონდათ გადგმული ფსევდოლიბერალებს და ეს ფესვები დღესაც სამწუხაროდ აქტუალურია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მთავარია წინ გავიხედოთ და მთავარია, ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში განათლების სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული პატრიოტის აღზრდაზე, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლეების აღზრდაზე და შესაბამისი განათლების მიცემაზე.
„ეს ფესვები უნდა ჩაიჭრას რაც ჰქონდათ ფსევდოლიბერალებს და რაც, როგორც ჩანს, დღემდე აქვთ შემორჩენილი. თავიდან ბოლომდე გადაიხდება, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე თითოეული სახელმძღვანელო. მართლა გამაოგნებელია იმ ლიტერატურის არარსებობა, სავალდებულო პროგრამაში, რაზეც საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია. „აჩრდილს“ თუ არ ასწავლი მოსწავლეს, მაშინ ვასწავლოთ ლაშა ბუღაძის პიესები და როგორ განათლებას მიიღებენ მოსწავლეები, ძალიან კარგად დავინახავთ. ეს არის გამაოგნებელი, სწორედ ფსევდოლიბერალური ფესვების შედეგი, რაც ბოლომდე უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოში განათლების სისტემას უნდა დაუბრუნდეს სავალდებულო პროგრამაში ის საკითხები, რაც არის აუცილებელი პატრიოტის აღზრდისთვის.
„ჩვენ უკვე მივიღეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, ამის საფუძველზე გადაისინჯება ეროვნული სასწავლო გეგმა და გადაისინჯება სახელმძღვანელოებიც. ეს არის ის გზა, რაც უნდა განვვლოთ და ეს მოხდება განათლების სამინისტროს ლიდერობის ქვეშ. ამაზე მუშაობა არის უკვე დაწყებული. მე გპირდებით, რომ ძალიან მალე მოსწავლეებისთვის იქნება უზრუნველყოფილი სრულიად განსხვავებული შინაარსის სწავლება სკოლებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.