სახალხო დამცველმა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა
25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო დაწესებულებაში განთავსებულ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა ფსიქიატრიული დაწესებულების გარე და შიდა ინფრასტრუქტურა, ეზო, სანიტარული კვანძები, ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე; ასევე გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და თანამშრომლებს.
სტაციონარში ამ ეტაპზე 22 პაციენტია განთავსებული. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროებაზე, ფსიქიატრიის სფეროში პერსონალის ზრდის აუცილებლობაზე, სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, სათანადო კვების უზრუნველყოფაზე, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საკითხებზე, ასევე, კონფიდენციალურობასა და პაციენტთა პირადი სივრცის დაცვის მნიშვნელობაზე.
სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას.