“სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, სრული ძალისხმევით იმუშაონ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციული ღონისძიებების, კანონმდებლობის და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად” – ომბუდსმენის აპარატი

“საქართველოს სახალხო დამცველი, ტრადიციულად, უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან გლობალურ კამპანიას, რომლის მიზანიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა”, – ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ინფორმაციაში წერია, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც მავნე სოციალური ნორმებით, ძალადობის შეწყნარებითა და გენდერული სტერეოტიპებით არის გამყარებული.

“სახალხო დამცველი, თავისი მანდატის ფარგლებში, წლების განმავლობაში იკვლევს ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მწვავე შემთხვევებს, მათ შორის, ფემიციდს. ხშირია ოჯახში ქალთა მკვლელობის ფაქტები და ამ ტრაგედიების შემსწრე არაერთხელ გამხდარა ბავშვი.

ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ყველა ასაკის და სოციალური წარმომავლობის ქალები, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ბარიერები, რომლებსაც ძალადობისგან თავის დაღწევის გზაზე გოგოები, სოფლად მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები აწყდებიან.

უამრავი ქალი ოჯახში ძალადობას ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობის გამო ითმენს, სწორედ ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანია ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, არსებული სერვისების გაუმჯობესების და მსხვერპლთა გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, მათ შორის, გაითვალისწინოს ქალების საჭიროებები კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში.

ამასთან, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქალთა უფლებების დაცვაში, დახმარებასა და მათ გაძლიერებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, სრული ძალისხმევით იმუშაოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციული ღონისძიებების, კანონმდებლობის და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები