სახალხო დამცველმა საბურთალოს ოლქის N52-ე საარჩევნო უბანი მოინახულა და არჩევნების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52-ე უბანს ეწვია, სადაც გაესაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და უსინათლო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების პროცესს დააკვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე დაკვირვებით ცხადი გახდა, რომ საარჩევნო უბნის შენობა არ არის მისაწვდომი შშმ პირებისთვის.

„უშუალოდ უსინათლო პირთან მიმართებით გამოიკვეთა, რომ საუბნო კომისიის წევრები არ ფლობენ უსინათლო პირთან კომუნიკაციის წესებს, ვერ განუმარტეს მას ხმის მიცემის პროცედურა და ვერ უპასუხეს ამომრჩევლის მიერ დასმულ კითხვებს.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უსინათლო პირებისთვის მომზადებული ჩარჩო/ფორმა არ იძლევა მისი დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობას. რთულია ბიულეტენის ჩარჩოში მოთავსებაც, რადგან უსინათლოსთვის გაურკვეველია ფურცლის რომელ მხარეს ათავსებს. და საბოლოოდ, შესაძლოა, რიგი პრობლემების გამო, უსინათლო პირის არჩევანი არ დაემთხვეს მისთვის სასურველ კანდიდატს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომისიის წევრების სიღრმისეული გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის, მათ შორის უსინათლო პირების არჩევნებში ეფექტური მონაწილეობისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები