გიორგი კალანდარიშვილი – მარნეულის ინციდენტზე: ეს არის შემაშფოთებელი, მოვითხოვ, საოლქო კომისია გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ზომები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მარნეულში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, სადაც საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს არის შემაშფოთებელი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

„რამდენიმე წუთია მედია და ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ. მე მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი მარნეულის N69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ათეულობით კონვერტს ყრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები