ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე: საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო.

მისი თქმით, კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა აპარატების გაუმართაობის, ხმის ფარულობის დარღვევისა და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტები.

ქურდოვანიძე საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული ხარვეზებს გამოყოფს:

“6:45 საათზე საია-ს მიერ დასაკვირვებელი უბნების ნაწილი არ გაიხსნა მოსამზადებლად. ნაძალადევის, კრწანისის და საბურთალოს ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 6:45 საათისთვის წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, ზოგან კი გააქტიურებული იყო ელექტრონული აპარატები. ამ პერიოდისთვის ასევე გამოვლინდა ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად გადაცვლის ფაქტები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მდივანი არ გამოცხადდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავმჯდომარე გავიდა უბნიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულა”.

საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, დილის 8 საათისთვის რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა, შესაბამისად, დაგვიანდა კენჭისყრის პროცესის დაწყება.

“კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა როგორც აპარატების გაუმართაობის, ისე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები. კერძოდ:

რუსთავის ოლქში 27-ე უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს, ბიულეტენის ნაცვლად, აჩვენებს ფურცელს, რომელზეც ციფრი 41-ის წინ არსებული წრეა გაფერადებული და ამომრჩევლებს აძლევს მითითებას, რომ მსგავსად გააფერადონ ბიულეტენი.

მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ელექტრონული მოწყობილობების გამართულად მუშაობასა და რეგისტრატორების მხრიდან ვერიფიკაციის აპარატის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით: რეგისტრატორები პირადობის მოწმობებს ატარებენ არასწორად, რის გამოც, უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა. ნინოწმინდის მე-3 უბანზე ამომრჩეველი მივიდა ერთ-ერთ რეგისტრატორთან, რა დროსაც აპარატმა გამოსცა სპეციალური სიგნალი, ხოლო მეორე აპარატს მსგავსი სიგნალი არ გამოუცია, რის შემდეგაც მან რეგისტრაცია გაიარა.

საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა.

გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები – გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე.

დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა. საია-ს მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა”- ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, საია-ს დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

“ვაკის ოლქის 66-ე უბანზე საიას დამკვირვებელს არ უშვებდნენ და სთხოვდნენ დამკვირვებლის მოწმობაზე სველი ბეჭდის არსებობას. საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ ის უბანზე შეუშვეს. კრწანისის 21-ე უბანზე დამკვირვებელს არ აძლევდნენ დაკვირვების და თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ლაგოდეხის მესამე უბანზე დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშუალება.

ხონის მე-3 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ უფლებას, ფოტო გადაუღოს ელექტრონული აპარატიდან ამოსულ ნულოვან ქვითარს. სამგორის 55-ე უბანზე დამკვირვებელს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიაღებინეს მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი პირების წილისყრაში. ქუთაისის ოლქის 49-ე უბანზე საიას დამკვირვებელს განსაკუთრებული აგრესიით მიმართავდა კომისიის თავმჯდომარე, არ აძლევდა თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობას, რის შემდეგაც დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევეს.

საარჩევნო უბნებში პარტია „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებულია ვიდეოკამერები.

პერიმეტრზე არსებული დარღვევები: გრძელდება წინა წლების ტენდენცია გარე პერიმეტრზე კოორდინატორების და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრებასთან დაკავშირებით. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ფონიჭალაში 21-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, 25 მეტრის რადიუსში, პარტია „ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალაა განთავსებული. საია-ს დამკვირვებელმა ფაქტზე რეაგირებისთვის შსს-ს მიმართა. დარღვევა ბოლომდე არ აღმოიფხვრა. მსგავსი შემთხვევა იყო ჩოხატაურის პირველ უბანთანაც.

საზღვარგარეთის უბნებში, ძირითადად, პროცედურული სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, ფინეთის უბანში წილისყრა ჩატარდა კენჭისყრის დღეს, ხოლო ბრატისლავაში საარჩევნო ყუთები წინასწარ იყო დალუქული. ვილნიუსის, მიუნხენის, მადრიდის და პრაღის უბნები გვიან გაიხსნა. საია-ს დამკვირვებლებმა დილის 10 საათისთვის ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 15 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 4 საჩივარი”, – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები