“საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გულითადად ვულოცავთ ახალმოსახლეობას” – ილია მეორე

“საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გულითადად ვულოცავთ ახალმოსახლეობას”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილშია აღნიშნული.

“გამორჩეული ისტორიის მქონე ეს დაწესებულება რადიო-მაუწყებლობის სახით დაარსებიდან თითქმის 100 წელს ითვლის, ხოლო ტელე-მაუწყებლობის – 68-ს.

ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში მრავალი ცვლილება მოხდა, მრავალ ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ხალხმა და I არხი იყო ყველაზე დიდი მემატიანე მიმდინარე პროცესებისა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ათწლეულების მანძილზე, მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა და ათეისტური რეჟიმის მკაცრი კონტროლისა, იგი მაინც ახერხებდა პატრიოტული თემატიკის წამოწევას, ქართული მწერლობისა და კულტურის პოპულარიზაციას და ეს დასაფასებელია.

დასაფასებელია ის ღვაწლი, რასაც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ეწევა საზოგადოებრივი მაუწყებელი განათლების დონის ამაღლების, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი მიმართულებით, ასევე მრავალეროვანი ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით და სხვ.

თუმცა, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია თუნდაც სამშობლოსთან საქართველოს ისტორიული დიასპორებისა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა დაახლოებისათვის; ჩვენს მოსახლეობაში სწორი აზროვნების, სწორი ორიენტირების ჩამოყალიბებისთვის, რადგან თანამედროვე რთულ დროში ადამიანთა ნაწილისთვის სირთულეს წარმოადგენს მართებული ნაბიჯების გადადგმა.

თქვენ გაქვთ დიდი შესაძლებლობა, იტვირთოთ ხალხისთვის გზამკვლევის ფუნქცია, – ეს ფრიად საპატიო და საპასუხისმგებლო მისია.

მინდა, დავლოცო ტელევიზიის ხელმძღვანელობა, თითოეული თანამშრომელი და ახალი ენერგიით, ახალი შემართებით ღვთისა და ქვეყნის მსახურებისთვის წარმატებული მუშაკობა ვუსურვო; დავლოცო ყველა ის პიროვნება, ვინც წარსულში აქ მოღვაწეობდა, ხოლო მარადიულობას შერთულთა სულნი უფლის მოწყალებას შევავედრო.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თვისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!”, – ნათქვამია პატრიარქის წერილში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები