“ოკუპირებულ ტერიტორიას როგორ უნდა ელაპარაკო? რუსულ მხარესთან საუბარი თავდაუსხმელობაზე, ძალის არგამოყენებაზე შესაძლებელია, მაგრამ ის ამაზე არ მიდის”- ჯემალ გამახარია ლავროვის განცხადებას ეხმაურება

“ოკუპირებულ ტერიტორიას როგორ უნდა ელაპარაკო? რუსულ მხარესთან საუბარი თავდაუსხმელობაზე, ძალის არგამოყენებაზე შესაძლებელია, მაგრამ რუსული მხარე ამაზე არ მიდის” – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც “რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული“.

„ლავროვის განცხადება, რომელიც 28 სექტემბერს გაკეთდა გაეროში, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გახდა, თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, მას განსაკუთრებული, ისეთი არაფერი უთქვამს, რომ ამდენი ყურადღება არის მიპყრობილი ამაზე.
მოგეხსენებათ, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთს სახელმწიფოებად ჰყავს აღიარებული. ეს ფორმალურად, თორემ არასდროს თვლიდნენ სახელმწიფოებად. “დასხედით, რასაც გადაწყვეტთ, მზად ვართ, ის მივიღოთ ” – ეს პუტინმა ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა. მაშინ სრულიად განსხვავებული ვითარება იყო, არც ქართული მხარის მხრიდან, არც აფხაზეთში ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთში, ასევე მსოფლიოში.
“რა სახით და რა ფორმით მიაღწევენ შეთანხმებას, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს დამოკიდებულია ქართველებზე აფხაზებსა და ოსებზე”- აცხადებს ლავროვი. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ განცხადებიდან. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის 2 ტერიტორიას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საუბრობს თავდაუსხმელობის შესახებ შეთახმებაზე, რასაც აფხაზები და ოსები დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ ქართული მხარე ამაზე არ წასულა, არც არასდროს წავა, სანამ ეს ორი ტერიტორია ოკუპირებული იქნება. განსაკუთრებით დღეს, ქართული მხარე განვითარებული მოვლენების ფონზე აყენებს საკითხს – ჯერ თქვენი საოკუპაციო ძალები გაიყვანეთ და მერე აფხაზებთან, ოსებთან რას მოვილაპარაკებთ, რა ხელშეკრულებას დავდებთ, ამას მოლაპარაკება აჩვენებს. სანამ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, მანამდე მათთან მოლაპარაკებას არავითარი აზრი არ აქვს, ოკუპირებულ ტერიტორიას როგორ უნდა ელაპარაკო? რუსულ მხარესთან საუბარი თავდაუსხმელობაზე, ძალისა არგამოყენებაზე შესაძლებელია, მაგრამ რუსული მხარე ამაზე არ მიდის. ეს არის მკვდარი საკითხი, რომელიც დღემდე დგას, ასე გაგრძელდება, სანამ ეს ორი ტერიტორია ოკუპირებული იქნება” – განაცხადა გამახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები