ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბთან დაკავშირებულ პირებს გადაუგზავნეს

ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბთან დაკავშირებულ პირებს გადაუგზავნეს,- ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს.

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის თანამშრომლებს ელექტრონულ მისამართებზე ინფორმაცია ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში გაეგზავნათ, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი საარჩევნო რბოლას გამოეთიშებოდა.

„ეფბიაის“ განცხადებით, ირანელი აქტორები ივნისის შემდეგ განაგრძობენ ძალისხმევას, რათა ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული მოპარული არასაჯარო მასალა ამერიკულ მედიაორგანიზაციებს გაუგზავნონ.

ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლივიტმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ აღნიშნული კიბერთავდასხმა არის მტკიცებულება, რომ ირანი არჩევნებში კამალა ჰარისისა და ჯო ბაიდენის სასარგებლოდ ერევა, რადგან იცის, რომ პრეზიდენტი ტრამპი მათი ტერორისტული მმართველობის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აღადგენს.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბში ითხოვენ, რომ ბაიდენმა და ჰარისმა განაცხადონ, რა ბედი ეწია ბაიდენის საარჩევნო შტაბთან დაკავშირებული პირებისთვის გაგზავნილ მასალებს.

აღნიშნულ საკითხს მხარდამჭერებთან შეხვედრისას გამოეხმაურა თავად ტრამპი, რომლის თქმითაც, ირანმა დემოკრატიული პარტიის შტაბს გადასცა მასალები, რადგან ბაიდენი ირანთან თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები