ვოლსკი – ხაზარაძე-გახარიაზე: დღევანდელი სცენარი ასეთია, უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა სალომე ზურაბიშვილია

“დღევანდელი სცენარი ასეთია, უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა სალომე ზურაბიშვილია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი აცხადებს.

დეპუტატი ხაზარაძე-გახარიას შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებას ეხმაურება.

“რა საკვირველია, პროცესი გაწელილია – ეგ უკვე გადაწყვეტილია. რა მესამე რაუნდზეა საუბარი, ნული რაუნდი ჩატარდა და ამ რაუნდის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილია, უბრალოდ პროცესი არის საინტერესო და რადიკალური ოპოზიციის ეს გეგმა, რომ მოატყუონ საზოგადოება. გახარიას განცხადება გაიხსენეთ, რომ “ლელო” უნდა იხსნას “ნაციონალური მოძრაობის” მარწუხებისგან და ახლა აცხადებს, რომ ყველაფერი და პოლიტიკური ინტერესები დათმო იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესებს დამხმარედ შეუდგეს. ანუ, გამოდის რომ სახელმწიფოს ინტერესები და მისი პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს სცილდებოდა, მაგრამ “ლელოსთან” დაკავშირებით არავითარი უკუსვლა არ იქნება. ეს არის პოლიტიკური ქორწინება, რომელსაც აღსრულება უწერია, თუ კი კიდევ ახალი სცენარი არ გათამაშდა. დღევანდელი სცენარი ასეთია – უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი – ლიდერი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლა და მისი უშველებელი ქოლგით, რომლის გარშემოც მთელი რადიკალური ოპოზიცია უნდა გააერთიანოს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებისთვის და ოპოზიციის მხრიდანაც სასაცილოა. როგორ შეიძლება, ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაერთიანებით მეტი ხმა მოიზიდოს. ერთსაც და მეორესაც როგორი რეიტინგიც ჰქონდა, გაცილებით უფრო დაბალი ექნება მაშინ, როცა შეიკრიბებიან. ამის პერსპექტივას ვერ ხედავენ – უინტელექტო და უჭკუო ჰგონიათ ქართული საზოგადოება. ამაშია მთელი ჩვენი უბედურება, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარდაშვებული, კისერმოხრილი, ცალ ფეხზე მდგომი უსმენს ამ სისულელეებს, რასაც გვთავაზობენ ამ დადგმული მოდელირებული ქრონიკიდან”, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები